
სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის მორიგი ტრანში დაამტკიცა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელმა საბჭომ 20 ივლისს სამწლიანი პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის რიგით მესამე ტრანშის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, საქართველოს ეროვნულ ბანკს უახლოეს დღეებში 20.2 მლნ აშშ დოლარი ჩაერიცხება.
“საქართველოს ეკონომიკა წარმატებულად ვითარდება. 2005 წლის ბოლომდე მაკროეკონომიკური სტაბილურობის განსამტკიცებლად ხელისუფლების მთავარი ამოცანაა ინფლაციის დონის შენარჩუნება. გარდა ამისა, მთავრობამ უნდა გააგრძელოს რეფორმები ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად და შეამციროს სიღარიბის დონე, გააძლიეროს ანტიკორუფციული სტრატეგია“, აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაკატოში კატო.
მისი თქმით, საგადასახადო რეფორმამ საქართველოში ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი; დაჩქარებული პრივატიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლებით, “ფისკალური სტაბილურობისათვის საფრთხის შექმნის გარეშე“, მთავრობას პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების შესაძლებლობა მიეცა; გაუმჯობესდა შემოსავლების ადმინისტრირება; მნიშვნელოვანი პროგრესია სტუქტურული რეფორმებისა და გამჭვირვალობის ზრდის ხარისხშიც. “გარდა ამისა, პოზიტიურ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის სისტემის გამარტივება, რაც კერძო სექტორის საქმიანობას გააადვილებს“, ნათქვამია სსფ–ს პრესრელიზში ტაკატოში კატოს სიტყვებზე დაყრდნობით.
სსფ სამომავლოდ რეკომენდაციას აძლევს საქართველოს ხელისუფლებას “საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანოს და განახორციელოს საგარეო სავაჭრო რეჟიმის ლიბერალიზაცია.
საქართველომ სსფ-ს ეკონომიკური დახმარების სამწლიანი პროგრამის ფარგლებში უკვე მიიღო ორი ტრანში – 14 მლნ აშშ დოლარისა და 21.5 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.