
ეჭვმიტანილი ხელყუმბარის სროლის ფაქტს ადასტურებს
21 ივლისს შსს–ს პრესსამსახურთან მცირე ინტერვიუში ვლადიმერ არუთუნიანმა დაადასტურა, რომ სწორედ მან ისროლა ხალხში ხელყუმბარა 10 მაისს, როცა პრეზიდენტი ბუში თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოდიოდა.
ვიდეომასალაში, რომელიც ტელევიზიებით გავრცელდა, ნაჩვენებია საავადმყოფოს ოთახში მყოფი არუთუნიანი, რომელიც 20 ივლისს პოლიციასთან ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა. შს პრესსამსახურის უფროსის გურამ დონაძის შეკითხვაზე: “თქვენ ისროლეთ ხელყუმბარა?“, არუთუნიანი პასუხობს: “კი”.
შეკითხვაზე, რატომ გააკეთეთ ეს, ეჭვმიტანილი იწყებს პასუხს: “იმიტომ, რომ ბუშის…“ და ვიდეომასალის ხმა გაბმული სიგნალით იფარება უცენზურო გამონათქვამების გადაფარვის მიზნით.
27 წლის არუთუნიანი 20 ივლისს პოლიციასთან ორმხრივი შეტაკების შედეგად დააკავეს, რასაც უშიშროების თანამშრომლის ზურაბ ქვლივიძის სიცოცხლე შეეწირა.