ახალი ამბები

ნოღაიდელი: ცხინვალიდან და მოსკოვიდან საპასუხო ნაბიჯებს ველით

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ქართული მხარე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან და რუსეთისგან ელოდება საპასუხო ნაბიჯებს იმ წინადადებებზე, რაც საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების მიზნით 10 ივლისს ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოადგინა.


საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს ოფიციალურ პირებთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართული მხარე მზად არის სამხრეთ ოსეთს მიანიჭოს “აბსოლუტური თვითმმართველობა“, კულტურული ავტონომია, რუსეთთან საზღვრის გადაკვეთის “პრივილეგირებული რეჟიმი“, ასევე პრივილეგირებული ეკონომიკური და საგადასახადო სისტემა.


“პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კონკრეტული გეგმა ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა ველოდებით საპასუხო ნაბიჯებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან, მაგრამ უფრო მეტად რუსეთისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან“, განუცხადა დღეს ზურაბ ნოღაიდელმა ჟურნალისტებს.


პრეზიდენტის წინადადებებს ჯერ არ გამოხმაურებია ოსური დე ფაქტო ხელისუფლება, რომლის წარმომადგენლობაც 10 ივლისს ბათუმში გამართულ კონფერენციას არ დასწრებია. ამის მიზეზად 10 ივლისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ “მას ოფიციალური მიწვევა არ მიუღია“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button