ახალი ამბები

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანა

“ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა 7 ივლისს 124 ხმით, ერთხმად პირველი მოსმენით მიიღეს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რის შედეგადაც შეიცვალა თბილისის საკრებულოს არჩევის წესი. ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა, რომლებიც საგანგებო სხდომაზე არ იმყოფებოდნენ, განხილვას ბოიკოტი გამოუცხადეს.

1 ივლისს “დედაქალაქის –თბილისის შესახებ კანონში” დამტკიცებული ცვლილებების თანმდევია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც თბილისის საკრებულოს 37 წევრიდან 25 აირჩევა მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული წესით, 12 კი პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე პარტიების მიერ მიღებული ხმათა საერთო რაოდენობის შესაბამისად. 

თბილისის 10–ვე ოლქში მანდატების რაოდენობა განისაზღვრება ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისად, პრინციპით – ყოველ 25 ათას ხმაზე თითო მანდატი. ამასთან მანდატების რაოდენობა არ შეიძება იყოს 2–ზე ნაკლები და 3–ზე მეტი. მეორე მოსმენისათვის დაგეგმილია ჩანაწერის დამატება, რომლის მიხედვითაც მხოლოდ იმ პარტიებს ეყოლებათ წარმომადგენლები საკრებულოში, რომლებიც თითოეულ ოლქში საერთო ხმების არანაკლებ 1/3–ს მიიღებენ. 

თავდაპირველად პარლამენტი ამ ცვლილებების განხილვას საშემოდგომო სესიაზე აპირებდა, თუმცა მმართველმა პარტიამ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაჟინებით მოითხოვა ცვლილებების ამ ეტაპზე მიღება, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი მოჰყვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button