skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნაზე ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

საქართველოს, რუსეთისა და თვითგამოცხადებული აფხაზეთის ოფიციალური პირები აფხაზეთის გავლით რკინიგზის რეაბილიტაციის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში მორიგ შეხვედრას თბილისში 11 ივლისს გამართავენ. მოლაპარაკებათა სერია გასულ თვეს მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისმა პოზიცია საგრძნობლად შეარბილა რკინიგზის მაგისტრალის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნის თაობაზე. თუმცა, ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნის მიმართ ზედმიწევნითი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის უქონლობის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების პოზიციის ამ შემსუბუქებას შესაძლოა უარყოფითი პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს თბილისისთვის.


თბილისში დაგეგმილი შეხვედრის დროს მხარეები შეათანხმებენ ექსპერტთა ჯგუფის შექმნის საკითხს, რომელიც ზუგდიდსა და სოხუმს შორის მდებარე 60-კილომეტრიან სარკინიგზო მონაკვეთზე არსებულ მდგომარეობას შეაფასებს.  


“სავარაუდოდ 1 ოქტომბრისთვის უკვე საბოლოოდ განისაზღვრება, თუ რა მოცულობის სამუშაოებია ჩასატარებელი რკინიგზის აღდგენისთვის“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ.


რუსულმა მხარემ, რომელიც დიდ დაინტერესებას იჩენს ამ მრავალმილიონიან პროექტში, უკვე განახორციელა პრაქტიკული ღონისძიებები. კერძოდ, რუსმა სამშვიდობოებმა რკინიგზის მიდამოებში გამნაღველი სამუშაოები ჩაატარეს. ეს საშუალებას მისცემს ექსპერტთა ერთობლივ ჯგუფს შეაფასოს იქ არსებული სიტუაცია.


რკინიგზის აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებები რუსეთსა და საქართველოს შორის 2003 წლის სოჭის შეთანხმების ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც  რკინიგზის გახსნას ქართველ დევნილთა აფხაზეთში დაბრუნების პარალელურად ითვალისწინებს. თუმცა, აფხაზურ მხარეში უკვე შეიმჩნევა შეთანხმებიდან გადახრის ნიშნები. დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ სოხუმი რკინიგზის გახსნის პოლიტიკურ საკითხებთან, მათ შორის დევნილთა დაბრუნების საკითხთან, დაკავშირების წინააღმდეგია.


ქართველ დევნილთა აფხაზეთში დაბრუნების თემა მეტად მტკივნეულია როგორც თბილისის ცენტრალური, ასევე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის. თუმცა, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ დევნილთა დაბრუნების საკითხი ქართული მხარის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ოპონენტები კი შიშობენ, რომ თანდათან რკინიგზის საკითხით დევნილთა დაბრუნების პრობლემის გადაფარვა ხდება იმ ფონზე, როცა რკინიგზაზე მოლაპარაკებები უფრო ინტენსიურ ხასიათს იძენს, ვიდრე დევნილთა დაბრუნების შესახებ. 


საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის ვიცე– პრეზიდენტი თემურ იოკობაშვილი აცხადებს, რომ “რკინიგზის გახსნამ პირველ ეტაპზე საქართველოს, როგორც მინიმუმ, უნდა მოუტანოს აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების პირველი ეტაპის დაწყება, ოღონდ გარანტირებულად და უსაფრთხოდ და არა ქაოტურად, როგორც ეს აქამდე ხდებოდა“, განაცხადა თემურ იაკობაშვილმა და “სივილ ჯორჯიასთან“ საუბარში ასევე დასძინა, რომ “წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არ იქნება თბილისისთვის მოგებიანი“. 


პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა აცხადებს, რომ “რკინიგზის აღდგენა და დევნილების დაბრუნება ერთმანეთის მძევალი არ უნდა გახდეს“
 
“დევნილთა დაბრუნება ვაჭრობის საგანი არ უნდა იყოს, ეს უპირობო, გარდაუვალი პროცესია და  ადრე თუ გვიან მაინც მოხდება“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ ნიკა რურუამ. 


მისი თქმით, რკინიგზის აღდგენა, ასევე სხვა ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელება, ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენის პროცესს მხარეებს შორის. “აფხაზები და ჩვენც უნდა მივეჩვიოთ იმ აზრს, რომ თანაცხოვრებას ალტერნატივა არ აქვს; რკინიგზის აღდგენა და მსგავსი ნაბიჯები ამ იდეას ეხმარება“, აცხადებს ნიკა რურუა.


ზოგიერთ პოლიტიკურ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ გაუჟღერებია საფუძვლიანი არგუმენტები, რაც სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის იდეას გაამართლებდა.


“ჯერ–ჯერობით არავის დაუთვლია მოსალოდელი დადებითი და უარყოფითი შედეგები, თუ ხელისუფლებამ ეს დათვალა და ჩვენთვის ეს მომგებიანია და ჩვენს ინტერესებს პასუხობს, მაშინ მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს უნდა დაგვანახონ“, აცხადებს “სივილ ჯორჯიასთან“ საუბარში საქართველოს სტარტეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის ხელმძღვანელი ალექსანდრე რონდელი.
 
მისი თქმით, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი ასევე უკავშირდება სხვა გრძნობიარე საკითხებს, როგორიცაა საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი. “თუ ესენი არ გაირკვა და სტატუს ქვოს ვითარებაში მოხდა რკინიგზის აღდგენა, ეს იქნება სტრატეგიული შეცდომა“, განაცხადა რონდელმა და აქვე დასძინა, რომ რკინიგზაზე სუსტი კონტროლი გარკვეულწილად გაზრდის იარაღითა და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის საფრთხეს. 


სავარაუდოდ, საბაჟო და სასაზღვო კონტროლთან დაკავშირებული პრობლემა დაპირისპირების მთავარი საგანი გახდება აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებზე. აფხაზური მხარე უარს აცხადებს თბილისის წინადადებაზე მდინარე ფსოუზე ერთობლივი ქართულ-აფხაზური საგუშაგო გაიხსნას. სანაცვლოდ, ქართული მხარე წინააღმდეგია გახსნას საბაჟო პუნქტი მდინარე ენგურზე, სადაც გადის ადმინისტრაციული საზღვარი აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის.


2,300 კილომეტრიანი ტრანსკავკასიური სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენით, რომელიც აფხაზეთში 90–იან წლებში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ შეჩერდა, ძირითადად ოთხი დაინტერესებული მოთამაშე იკვეთება: სომხეთი, რუსეთი, საქართველო და თვითგამოცხადებული აფხაზეთი. თუმცა სოხუმი ყველაზე ნაკლებადაა დაინტერესებული რკინიგზის აღდგენაში. აფხაზეთს 2004 წლიდან უკვე აქვს სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთთან და ურჩევნია სტატუს ქვო შეინარჩუნოს, ვიდრე ჩაერთოს საკმაოდ მძიმე მოლაპარაკებებში საბაჟო და სასაზღვო კონტროლის თაობაზე.


“სომხეთი, ისევე როგორც რუსეთი, ამ საკითხით ყველაზე მეტად დაინტერესებული მხარეები არიან. სომხეთი არის ჩაკეტილი სახელმწიფო, ამიტომ მას სჭირდება გასასვლელები, დაკავშირება სტრატეგიულ პარტნიორთან  – რუსეთთან“,  განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ თემურ იაკობაშვილმა.


 

მსგავსი/Related

Back to top button