ახალი ამბები

სტრასბურგში პარტიათა დაფინანსებაზე მემორანდუმი გაფორმდა

სტრასბურგში 5 ივლისს ევროპის საბჭოს ეგიდით გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსებას და ამ კუთხით გამჭვირვალობის პრინციპის დამკვიდრებას ეხება. მომორანდუმს ხელი მოაწერეს პოლიტიკური პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებმა.


მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს ბიუჯეტი ყოველწლიურად (დაახლოებით 2,5 მლნ ლარის ფარგლებში) დააფინანსებს იმ პარტიებს, რომელთაც არჩევნებზე 4%–იანი ბარიერი გადალახეს, თუმცა დაფინანსების სიდიდე განისაზღვრება მიღებული ხმების ოდენობით. ამასთან პარტიას შეუძლია ჰქონდეს ანონიმური დაფინანსების წყაროც, თუმცა ამ გზით მიღებული თანხა 30 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს. პარტიებისა და მათი წინასაარჩვნო კამპანიების დაფინანსებას კონტროლს სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი გაუწევს.


გარდა ამისა, მემორანდუმით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტები დასჯადია საჯარიმო სანქციებით, იკრძალება სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან წინასაარჩევნო აგიტაცია. ასევე გამკაცრებულია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომებიც.


სტრასბურგში ხელმოწერილ მემორანდუმს თან ახლავს შესაბამისი ოთხი კანონპროექტი, მათ შორის ცვლილებები საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებში, რომელთაც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე მიიღებს.

Back to top button