skip to content
ახალი ამბები

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში გზა გაიხსნა

დღეიდან ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში კეხვი-თამარაშენის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეში ორჯერ – დილის და საღამოს საათებში აღდგება.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, გზის გახსნა ქართულ და ოსურ სამართალდამცავ ორგანოებს შორის 1 ივლისს შემდგარ შეხვედრაზე გადაწყდა, რომელსაც კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.


მიღწეული შეთანხმების მიხედვით, თამარაშენი-კეხვის მიმართულებით ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას ქართულ-რუსული ერთობლივი სამშვიდობო ძალები გააკონტროლებენ, ხოლო ერგნეთი-თამარაშენის მონაკვეთს რუსული და ჩრდილოეთ ოსური სამშვიდობოები.


აღნიშნული სატრანსპორტო მონაკვეთი 29 მაისს თამარაშენთან შეიარაღებული დაპირისპირების და ცხინვალიდან 6 ივნისს ოთხი ქართველის გაუჩინარების შედეგად ცხინვალის რეგიონში დაძაბული ვითარების შემდგომ ჩაიკეტა.


გზის გახსნის შესახებ შეთანხმებას ქართულ და ოსურმა მხარემ ჯერ კიდევ 22-23 ივნისს მოსკოვში შერეული საკონტროლო კომისიის საგანგებო სხდომაზე მიაღწიეს, თუმცა დაძაბული ვითარების გამო ვერ მოხერხდა აღნიშნულ გზაზე მოძრაობის აღდგენა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button