ახალი ამბები

ოპოზიცია იწყებს “საზოგადოებრივ მოძრაობას ხელისუფლების ძალადობის წინააღმდეგ”

დღეს საპარლამენტო ოპოზიციის “ახალი მემარჯვენეების“, “რესპუბლიკელების“ და “კონსერვატორების“ ლიდერებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ იწყებენ საზოგადოებრივ მოძრაობას ხელისუფლების ძალადობის წინააღმდეგ და მოუწოდეს თანამოაზრე მოქალაქეებს და პოლიტიკოსებს დღეს 18 საათზე შეიკრიბონ ვერის პარკში.


“ჩვენ ყველა არაძალადობრივი ფორმა უნდა გამოვიყენოთ ხელისუფლების ძალადობის წინააღმდეგ“, განაცხადა 1 ივლისს “კონსერვატორების“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა.


საპარლამენტო ოპოზიციამ ერთობლივი ბრიფინგი მას შემდეგ გამართა, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციასა და “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა სიტყვიერ ურთიერთშეურაცხყოფებს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მუშტი–კრივის შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა.


“რესპუბლიკელების“ ერთ–ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ოპოზიცია მას შემდეგ, რაც 30 ივნისიდან 1 ივლისის ღამეს შსს–ს სპეცრაზმმა რუსთავლის პროსპექტზე საპროტესტო აქცია “ძალადობრივი მეთოდით დაარბია“, 1 ივლისის დილიდან მშვიდობიანი საპარლამენტო დებატებისთის იყო განწყობილი. თუმცა დებატები დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო ვერ შედგა.


 


 

Back to top button