ახალი ამბები

ოპოზიციურმა პარტიებმა რეფერენდუმის საკოორდინაციო კომიტეტი შექმნეს

“რესპუბლიკური“,  “კონსერვატორული“ პარტიების და “სახალხო ფორუმი დემოკრატიისა და კეთილდღეობისათვის“  ინიციატივით დღეს რეფერენდუმის საკოორდიანციო კომიტეტი შეიქმნა, რომელშიც ასევე 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია გაწევრიანდა.


ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით ასარჩევად რეფერენდუმის პროცედურების დაწყების მოთხოვნით 16 ივნისს მიმართეს ახლადშექმნილ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცსკ), რაზეც ცსკ–მ საბოლოო პასუხი 16 ივლისამდე უნდა გასცეს. თუმცა რეფერენდუმის დანიშვნა საბოლოო ჯამში პრეზიდენტის პრეროგატივაა.


იმ შემთხვევაში თუ ცსკ უარს იტყვის რეფერენდუმის ჩატარებაზე, საკოორდინაციო კომიტეტი სასამართლოს მიმართავს. 


“ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ხელისუფლების მიერ დაკომპლექტებული ცენტრალური საარჩევნო კომისია,  მოგვცემს თანხმობას რეფერენდუმის ჩატარებისთვის [200 ათასი] ხელმოწერების შეგროვებაზე“,  განაცხადა კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა. 
 
“რესპუბლიკური” პარტიის წარმომადგენლის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, აუცილებელია ხელისუფლებამ გაითვალისწინოს მოსახლეობის მოთხოვნა მერის პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებით.


“ეს ის საკითხია, სადაც არამარტო ოპოზიციური პარტიების, არამედ მთლიანად საზოგადოების კონსენსუსი არსებობს“, განუცხადა დავით ბერძენიშვილმა “სივილ ჯორჯიას“ 29 ივნისს.


ოპოზიციური პარტიების პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა დედაქალაქის-თბილისის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც მერის საკრებულოდან არჩევას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით 23 ივნისს მიიღო.

Back to top button