
თბილისი აფხაზეთში წამსვლელ ტურისტებს გაფრთხილებას აძლევს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა ტურისტს, ვინც თვითგამოცხადებულ აფხაზეთში დასასვენებლად ჩასვლას აპირებს, აფრთხილებს, რომ “ქართული მხარე ვერ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას“.
“სამინისტრო კვლავ შეახსენებს კონფლიქტის ზონის სტუმრობის ყველა მსურველს, რომ ამჟამად აფხაზეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება და ქართულ მხარე ვერ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას“, ნათქვამია 28 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ეს გაფრთხილება არ გულისხმობს საქართველოს მხრიდან აფხაზეთის ბლოკადას.
“ქართული მხარე მიზნად ისახავს არ დაუშვას ბოევიკების, იარაღის, ნარკოტიკებისა და კონტრაბანდული ტვირთების უკონტროლო მოძრაობა“, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 ივნისს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი “მიიღებს შესაბამის ზომებს“, რათა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება, რომლებიც აფხაზეთს ტურისტული მიზნებით ესტუმრებიან.