ახალი ამბები

წალკის ადმინისტრაცია: წალკაში ვითარება სტაბილურია

წალკის რაიონში 25 ივნისს მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადც სომეხი ეროვნების ლევონ ნაზარეთიანი დაიჭრა, პროკურატურა იძიებს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც  სოფელ ოლიანკაში  შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის მოთხოვნას ნაზარეთიანი არ დაემორჩილა.


სპეცრაზმის გასროლის შედეგად დაჭრილი ლევონ ნაზარეთიანი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


თუმცა აღნიშნულ ინციდენტს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის, სოფლების – კიზილკილის, კუშისა და ნარდევანის მკვიდრთა საპროტესტო აქცია მოჰყვა, სადაც მოსახლეობა წალკის რაიონიდან შსს–ს სპეცდანიშნულების რაზმის გაყვანას მოითხოვდა.


“ამჟამად წალკაში ვითარება სტაბილურია, მოსახლეობას ავუხსენით, რომ მას შემდეგ, რაც სპეცრაზმის ყოფნა საჭირო აღარ იქნება, შს სამინისტრო მათ გაიყვანს; ამას გაგებით შეხვდა მოსახლეობა“,  განუცხადა წალკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ცქიტიშვილმა “სივილ ჯორჯიას“.


შსს–ს სპეცდანიშნულების რაზმის 70–კაციანი შემადგენლობა წალკის რაიონში მას შემდეგ პატრულირებს, რაც ქართველი, სომეხი, ბერძენი და აზერბაიჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ რაიონში გასული წლის მაისში შეტაკება მოხდა.

Back to top button