ახალი ამბები

ხაინდრავა სამხრეთ ოსეთში მოსკოვის ჰუმანიტარული მისიით შეშფოთებულია

სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა შეშფოთებულია მოსკოვის მერის ინიციატივით 25 ივნისს სამხრეთ ოსეთისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის გამო, რომლის “შემადგენლობაც სცილდება ჰუმანიტარულ დანიშნულებას“.


“სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეშფოთებით აღნიშნავს, რომ მოსკოვის მთავრობა და პირადად ლუჟკოვი [მოსკოვის მერი] მიზნად ისახავს ვითარების დაძაბვის ახალი ფაქტორის შექმნას კონფლიქტის ზონაში“, ნათქვამია 27 ივნისს სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ  ცხინვალის მოსახლეობას არ სჭირდება საველე კარვები, სასადილოები, სპეციალური დანიშნულების ტანსაცმელი და ავტომობილები; “ტვირთის საერთო ღირებულებიდან (დაახლოებით 3 მლნ ლარიდან) 2 მლნ ლარი სწორედ ამგვარ “ჰუმანიტარულ“ დახამრებას წარმოადგენს“.


პრესსამსახურის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ჰუმანიტარულ აქციებს ყოველთვის მხარს უჭერს, თუმცა “ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს როგორც საქართველოს, ისე რუსეთისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევასთან, რაც დაკავშირებულია საზღვრის უკანონო გადმოკვეთასთან“, ნათქვამია განცხადებაში.
 
25 ივნისს ჰუმანიტარული ტვირთის სამხრეთ ოსეთში გამოგზავნის ცერემონიალს მოსკოვის მერთან იური ლუჟკოვთან ერთად, მოსკოვში სამუშაო ვიზიტად მყოფი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც დაესწრო. 


სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ მოსკოვის მერიის მიერ განხორციელებული მსგავსი “ჰუმანიტარული“ აქცია 4 ივნისს რუსეთის ხელისუფლებისადმი გაგზავნილ საპროტესტო წერილში გააკრიტიკა. 

Back to top button