ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონის უკანონო ფორმირებებისგან გაწმენდა სამშვიდობო ძალებს დაევალა

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ 22-23 ივნისს მოსკოვში გამართულ შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე, დემილიტარიზაციის პროცესის ფარგლებში, შსკ–სთან შეუთანხმებლად კონფლიქტის ზონაში შეყვანილი უკანონო სამხედრო ფორმირებების გაყვანა მოითხოვა, რასაც ოსური მხარეც დაეთანხმა.


შსკ–ის გადაწყვეტილებით, უკანონო სამხედრო ფორმირებებისგან ტერიტორიის გათავისუფლება კონფლიქტის ზონაში მყოფ შერეულ სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობას დაევალა.


შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალის ერგნეთი-კეხვის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობის აღდგენა, რაც ბოლო პერიოდში გართულებული ვითარების გამო შეწყვეტილი იყო. სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე უზრუნველყოფილი იქნება ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება.


“კვლავ აქტუალური რჩება კონფლიქტის ზონაში საფორთიფიკაციო ნაგებობების ლიკვიდაცია და აღმოჩენილი ასაფეთქებელი საშუალებების განადგურება“, ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის მიერ 24 ივნისს გავრცელებულ პრეს–რელიზში.



 

Back to top button