
სამართლიანი არჩევნები თვითმართველობის შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) შეშფოთებას გამოხატავს თბილისის საკრებულოს და მერის არჩევის ახალი წესის თაობაზე, რომელიც პარლამენტმა 23 ივნისს პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
მმართველი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული ახალი წესი გულისხმობს პროპორციული საარჩევნო სისტემის შეცვლას ახალი, სხვადასხვა ქვეყნებში საკმაოდ გავრცელებული მოდელით, რომელსაც პირობითად “მოგებულს ყველაფერი რჩება“ სახელით არის ცნობილი, რასაც ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ 23 ივნისს გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ “საქართველოს პარლამენტში განსახილველად მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები არ შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს და არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ნებას“.
ორგანიზაციის განცხადებით, იურიდიულად გაუმართლებელია დედაქალაქის საკრებულოს დაკომპლექტების პრინციპი, “რადგან ის არ წარმოადგენს დემოკრატიულ ქვეყნებში აპრობირებულ არც მაჟორიტარულ და არც შერეულ საარჩევნო სისტემას და ქმნის საკრებულოში ერთგვაროვანი პოლიტიკური სპექტრის მოსვლის საშიშროებას“.
ორგანიზაციისთვის ასევე მიუღებელია წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით დედაქალაქის მერის არაპირდაპირი წესით არჩევა.
“სამწუხაროდ, თბილისის მერის მოსახლეობის მიერ პირდაპირი წესით არჩევა დღევანდელი რევოლუციური ხელისუფლებისათვის მიუღებელია. ჩვენი ორგანიზაცია გმობს პოლიტიკური მიზეზის გამო დემოკრატიულ პრინციპებზე უარის თქმას“, აღნიშნულია პრესრელიზში.
ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს “მაქსიმალური დრო დაუთმოს აღნიშნულ კანონპროექტში ცვლილებების განხილვას და მასში ოპოზიციური პოლიტიკური ძალების და სამოქალაქო საზოგადოების აზრი გაითვალისწინოს“.