
ახალი ამბები
აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს ქართული ჯარის გაძლიერება აშფოთებს
თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა 22 ივნისს რუსი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე შეშფოთება გამოთქვა “საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაფართოების გამო“.
ბაღაფშის განცხადებით, “სიტყვიერად [ქართული მხარე] ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა“, პარალელურად კი “იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში უამრავი სოციალური პრობლემაა, [საქართველო] აფართოვებს სამხედრო პოტენციალს და სამხედრო ბიუჯეტს 300 მილიონამდე ზრდის“, იუწყება 23 ივნისს “აფსნიპრესი“ ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.
“გასაგებია, ვის წინააღმდეგ არის ეს მიმართული და ამიტომაც ჩვენც ვაძლიერებთ და მომავალშიც გავაძლიერებთ ჩვენი ჯარის თავდაცვისუნარიანობას“, განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.