
ხაინდრავა: მამსუროვის განცხადებამ დიპლომატიური სკანდალი შეიძლება გამოიწვიოს
სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა აპროტესტებს ჩრდილოეთ ოსეთის ახლადდანიშნული ლიდერის თეიმურაზ მამსუროვის 11 ივნისს გაკეთებულ განცხადებას “ჩრდილოეთ ოსეთისთვის სამხრეთ ოსეთის შეერთების შესახებ“.
“მსგავმა განცხადებებმა შესაძლოა დაძაბოს ისედაც რთული ვითარება [ცხინვალის] რეგიონში და ასევე დიპლომატიური და პოლიტიკური სკანდალი გამოიწვიოს საერთაშორისო ასპარეზზე. როცა ამას [რუსეთის] რეგიონის ოფიციალური პირი აცხადებს, ნიშნავს, რომ ეს რუსეთის პოლიტიკაა“, განაცხადა გიორგი ხაინდრავამ.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, ამ განცხადებაზე განმარტებას ქართული მხარე 21-22 ივნისს მოსკოვში ქართულ-ოსურ კონფლიქტზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის საგანგებო სხდომაზე მოითხოვს, რომელსაც ქართულ და სამხრეთ ოსურ მხარეებთან ერთად რუსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.