ახალი ამბები

შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციაში თანამშრომლობის ნიშნები ჩნდება

2005 წლის შემოდგომისათვის დაგეგმილ შუალედური არჩევნებისათვის, რომლის შედეგადაც პარლამენტი ხუთი გამოკლებული წევრის ნაცვლად ახალი მაჟორიტარი დეპუტატებით შეივსება, მზადება უკვე დაიწყო როგორც მმართველ პარტიაში, ისე ოპოზიციურ გაერთიანებებში. თუმცა ეს პროცესი  ერთი ნიშანდობლივი მახასიათებლით გამოირჩევა – ოპოზიციაში ხელისუფლების კანდიდატების დამარცხების მოტივაციით ერთიანობის სურვილი გაჩნდა, რაც პოსტრევოლუციური საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში სიახლეა. 
 
დამკვირვებელთა აზრით,  შუალედური არჩევნების მნიშვნელობას ისიც ზრდის, რომ 2006 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ ოპოზიციას ძალების მოსინჯვის შანსი ეძლევა.  ამას გარდა გამოიცდება ახლადშექმნილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) მოუკერძოებლობის ხარისხიც.


ჯერ–ჯერობით უცნობია კონკრეტული თარიღი, თუ როდის გაიმართება შუალედური არჩევნები ბათუმის, ქობულეთის, შუახევის,  ტყიბულისა და ისანის საარჩევნო ოლქებში. ამ ოლქებში მაჟორიტარ დეპუტატთა ვაკანსიები მას შემდეგ გაჩნდა, რაც პარლამენტმა არ ცნო ბათუმში გამარჯვებული ჯემალ გოგიტიძის, ქობულეთის მაჟორიტარის როსტომ დოლიძისა და ტყიბულში გამარჯვებულის ბონდო შალიკიანის უფლებამოსილება. შუახევის მაჟორიტარის იური დავითაძის უფლებამოსილება მისი გარდაცვალების გამო შეწყდა. ისანის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ყარყარაშვილს კი უფლებამოსილება საკუთარი განცხადების საფუძველზე შეუწყდა.
 
კანონმდებლობით, ცსკ–ომ შუალედური არჩევნების თარიღი ოქტომბერ–ნოემბრისათვის, არჩევნების დღემდე ორი თვით ადრე უნდა დანიშნოს. 


მანამდე კი როგორც “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში, ასევე ოპოზიციური პარტიების რიგებში კანდიდატების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.  ჯერ–ჯერობით პარტიათა ლიდერები სავარაუდო კანდიდატების დასახელებისაგანაც თავს იკავებენ.


ცნობილია ის, რომ ოპოზიციურ პარტიებში, კერძოდ კი კონსერვატორებს, ახალ მემარჯვენეებს, რესპუბლიკელებს და მოძრაობა “სახალხო ფორუმს“, ასევე ცნობილ საზოგადოებრივ სახეებს შორის, რომლებიც არცერთ პარტიაში არ ერთიანდებიან, აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს ერთიანი კანდიდატების შერჩევის მიზნით.
 
16 ივნისს პარტია “კონსერვატორებმა” ყველა ოპოზიციურ ძალას საჯაროდ მოუწოდა პარლამენტის გამოკლებულ მაჟორიტარ წევრთა არჩევნებისთვის ოპოზიციურ პარტიებს შორის ჩატარდეს ე.წ. შიდა არჩევნები, რათა  თითოეულ ოლქში საერთო კანდიდატი გამოვლინდეს.  “კოსერვატორული“ პარტიის თავმჯდომარე კობა დავითაშვილი დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ერთი თვის ვადას სთავაზობს,  რათა ჩამოყალიბდნენ ამ ინიციატივის გარშემო.
 
ამ იდეას უკვე დადებითად გამოეხმაურნენ “რესპუბლიკელები”. პარტიის ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ჯერ-ჯერობით არ არის გარკვეული, თუ რომელი პარტია მიიღებს შიდა არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა “საკმაოდ წარმატებულად“ მიმდინარეობს  კონსულტაციები.  ამ ე.წ. შიდა არჩევნებს სკეპტიკურად შეხვდა “ახალი მემარჯვენები.“


თუმცა მედიით უკვე ვრცელდება დეპუტატობის სავარაუდო მსურველთა გვარები. სახელისუფლებო პარტიიდან საუბარია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეზე ბიძინა ბრეგაძეზე, საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის ხელმძღვანელზე ჯემალ ინაიშვილზე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანზე პავლე კუბლაშვილზე, თუმცა ჯერ–ჯერობით არცერთი მათგანი ამას არ ადასტურებს. 


გაზეთი “რეზონანსი“ 16 ივნისს ხელისუფლების კიდევ ერთი  წარმომადგენლის, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის პარლამენტში დაბრუნების სურვილზე წერს, თუმცა აქვე მიანიშნებს, რომ ეს ბარამიძის პრეზიდენტთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე ხდება. შესაბამისად გაზეთი მას, როგორც მმართველი პარტიის შესაძლო კანდიდატს, არ განიხილავს. “რეზონანსის“ ცნობით, “ნაციონალური მოძრაობა“ ბარამიძეს ისნის საარჩევნო ოლქში ბიძინა ბრეგაძეს დაუპირისპირებს.


ოპოზიციის რიგებიდან შესაძლო კანდიდატებზე გაცილებით მწირი ინფორმაცია ვრცელდება. რესპუბლიკელებიდან საუბარია დავით უსუფაშვილსა და მის მეუღლეზე თინა ხიდაშელზე. თუმცა უსუფაშვილმა, რომლის კანდიდატურაც რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეობაზეა წარდგენილი, განაცხადა, რომ შუალედურ არჩევნებში მისი მონაწილეობა “ნაკლებ სავარაუდოა“.  
 
“საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს კონსულტაციები ოპოზიციურ ჯგუფებს შორის. ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიციაში კონკურენტუნარიანი კადიდატები მრავლადაა. ამ [შუალედურ არჩევნებზე] დავანახებთ ხელისუფლებას, რომ მოსახლეობის ექსკლუზიური მხარდაჭერა მათ მხარეს აღარ არის“, განუცხადა 17 ივნისს რესპუბლიკური პარტიის მომავალმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა “სივილ ჯორჯიას“.
 
საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის “გორბი”–ს მიერ მიმდინარე წლის მარტში ჩატარებული გამოკითხვებით, “ნაციონალური მოძრაობის“ რეიტიგი 34%–მდე შემცირდა, თუმცა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით საგრძნობლად მაღალია. საგულისხმოა, რომ  20%–ით გაიზარდა და 48%–ი შეადგინა პოტენციურ ამომრჩეველთა იმ რიცხვმა, რომელთა სიმპათიაც არცერთი პოლიტიკური ძალისკენ არ იხრება. ამდენად, ამომრჩველთა ხმების მოპოვებისთვის პოლიტიკურ პარტიებს საკმაოდ ნოყიერ ნიადაგი აქვთ.
 
თუმცა საპარლამენტო ოპოზიცია წინასწარ ალაპარაკდა იმ საფრთხეზე, რაც საარჩევნო ადმინისტრაციების სამივე დონის ხელისუფლების მიერ კონტროლმა შეიძლება მოუტანოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. მათი განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ დავალებებს აძლევს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, რათა ქვედა დონის კომისიებიც სანდო წევრებით დაკომპლექტდეს, რასაც თავის მხრივ მმართველი პარტიის ლიდერები უარყოფენ. ახლადშექმნილი  ცსკ–ს 7–ვე წევრი პრეზიდენტის წარდგენით პარლამენტმა დაამტკიცა . პრეზიდენტი კი მმართველი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას აკონტროლებს.


ამდენად, ოპოზიცია შუალედურ არჩევნებამდე ახალ ცსკ–ოს პირველ გამოცდას უწყობს. 16 ივნისს ოპოზიციური “რესპუბლიკელების“, “კონსერვატორების“ და სახალხო ფორუმის წარმომადგენლებმა ცსკ–ს მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებით რეფერენდუმის პროცედურების დაწყებაზე თანხმობის მისაღებად მიმართეს. ცსკ–ოს პასუხი განსაზღვრავს ოპოზიციის უარყოფითი დამოკიდებულების შერბილებას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება თავის მხრივ მერებისა და გამგებლების არაპირდაპირი გზით არჩევას უჭერს მხარს.


 

Back to top button