ახალი ამბები

ივანოვი კვლავ პრევენციულ დარტყმებზე საუბრობს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას განახორციელოს პრევენციული დარტყმები პოსტსაბჭოთა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე ტერორიზმის პირდაპირი საფრთხის არსებობის შემთხვევაში.


“რუსეთისადმი ტერორისტული საფრთხის შემთხვევაში ერთჯერადი აქციის სახით შესაძლებელია პრევენციული დატყმების განხორციელება. თანაც, მაშინ, როცა ჩვენ 100%–ით დარწმუნებულები ვართ, რომ საფრთხე არსებობს კონკრეტულ ადგილას და დროს“, იუწყება 10 ივნისს “რია ნოვოსტი“ ივანოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


ივანოვი აქვე აზუსტებს, რომ პრევენციულ დარტყმებში არ მოიაზრება სამხედრო მოქმედებები ან თავდასხმა ამა თუ იმ ქვეყანაზე, არამედ “ერთჯერადი აქცია”.  


პრევენციული დარტყმების შესახებ განცხადებების გაკეთებისას მოსკოვის პირდაპირი ადრესატი საქართველო იყო. 2002 წლიდან  მოყოლებული რუსეთის ხელმძღვანელობა, მათ შორის პრეზიდენტი პუტინიც, პანკისის ხეობაში ტერორისტების არსებობისა და მათი მხრიდან რუსეთისათვის საფრთხის შექმნის მოტივით, პრევენციულ დარტყმებზე საუბრობს. 


 

Back to top button