
მსოფლიო ბანკისა და სსფ-ს ეგიდით ფინანსთა მინისტრების შეხვედრა იმართება თბილისში
11-12 ივნისს თბილისში მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (სსფ) არსებული ჰოლანდიის ჯგუფის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრთა და სახელმწიფო ბანკების მმართველთა სამუშაო შეხვედრა იმართება.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰოლანდიის ჯგუფის წარმომადგენლები განიხილავენ წევრს ქვეყნებში არსებულ პრობლემატურ საკითხებს და შეიმუშავებენ მოქმედების ერთიან სტრატეგიას.
ასეთი დონის შეხვედრა პირველად იმართება დსთ-ს სივრცეში, “რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები მხარდაჭერას უცხადებენ ქვეყნის [საქართველოს] მთავრობის მიერ გატარებულ სტრუქტურულ რეფორმებს და ეკონომიკურ პოლიტიკას“, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ჰოლანდიის ჯგუფში 12 ქვეყანაა გაწევრიანებული: ჰოლანდია, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, საქართველო, ხორვატია, კვიპროსი, ისრაელი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, სომხეთი, მოლდოვა და მაკედონია.