ახალი ამბები

ბურჯანაძე: ლუკაშენკოს აგონიური გადაწყვეტილებების რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლება

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს დსთ–ს სივრცეში მიღებული გადაწყვეტილებების არაეფექტურობას. კერძოდ, ამით ირღვევა ბიშკეკის შეთანხმება, რომელიც დსთ–ს სივრცეში უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებს.


“ერთის მხრივ არ ღირს ლუკაშენკოს გადაწყვეტილებებს გამოვეხმაუროთ, მაგრამ მეორეს მხრივ არ შეიძლება ბელორუსის ლიდერის აგონიური გადაწყვეტილებების რეაგირების გარეშე დატოვება“, განაცხადა 10 ივნისს ნინო ბურჯანაძემ მას შემდეგ, რაც  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა პარლამენტის საგანგებო სხდომას გააცნო იმ დადგენილების პროექტის დეტალები, რომელიც „ლუკაშენკურ“ პოლიტიკაზე რეაგირებას ახდენს.


კერძოდ, კომიტეტის მიერ ინიცირებულ პროექტში ნათქვამია, რომ ბელორუსის მოქალაქეებთან დღემდე მოქმედი უვიზო რეჟიმი დარჩეს ძალაში, თუმცა ბელორუსის მოქმედ პრეზიდენტს აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა.


დადგენილების პროექტს საქართველოს პარლამენტი მომავალ კვირას მიიღებს.


9 ივნისს ბელორუსის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე, რასაც “განაპირობებს ორგანიზებული და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების საჭიროება, ასევე ბელარუსის მეზობელი, მესამე ქვეყნების ინტერესების დაცვა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button