ახალი ამბები

ევროპის საბჭოს მონიტორიგის კომიტეტში ქართული მხარე რუსეთზე რეზოლუციის გამკაცრებას მოითხოვს

ქართული მხარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე,  სადაც 1 ივნისს რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზაციის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ რეზოლუციის განხილვა იგეგმება, მოითხოვს პროექტში იმ პუნქტების გამკაცრებას, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოსთან მიმართებაში აღებული ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება.


მონიტორინგის კომიტეტის წევრის, პარლამენტარ ელენე თევდორაძის განცხადებით, ქართული მხარე მოითხოვს გამკაცრდეს რეზოლუციის ის ჩანაწერები, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული პასპორტების გაცემას, სეპარატისტულ რეგიონებში ბანდ–ფორმირებების იარაღით მომარაგებას, დე ფაქტო ხელისუფლებების მაღალ თანამდებობებზე რუსეთის მოქალაქეების დანიშვნას ეხება.

როგორც “სივილ ჯორჯიას“ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თავდორაძემ განუცხდა, რეზოლუციის პროექტში ასევე უნდა გამძაფრდეს რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის ოლქში მცხოვრები მაჰმადიანი მესხების უფლებების დაცვის საკითხიც.


“11 ათასი მაჰმადიანი მესხიდან მხოლოდ 2 ათასი თუ გამოთქვამს საქართველოში დაბრუნების სურვილს, დანარჩენის უფლებები კი, ვისაც რუსეთში დარჩენა სურთ, ილახება“, განუცხადა 28 მაისს თევდორაძემ “სივილ ჯორჯიას“.


ევროპის საბჭოს წინაშე საქართველოს თავის მხრივ აქვს აღებული ვალდებულება 1944 წელს გადასახლებული მაჰმადიანი მესხების საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნების თაობაზე.


“ჩვენ ვაპირებთ, ბოლომდე ვიბრძოლოთ, რათა [რუსეთის შესახებ] რეზოლუციაში საქართველოსთან დაკავშირებული ყველა ეს საკითხი უფრო გამძაფრდეს“, აცხადებს თევდორაძე.


მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მონიტორიგის კომიტეტი რეზოლუციის პროექტის საბოლოო ვერსიას მოამზადებს, მას უკვე ივნისის ბოლოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დაამტკიცებენ.


 

მსგავსი/Related

Back to top button