ახალი ამბები

პარლამენტარები რუსული ბაზების ანტიტერორისტულ ცენტრებად გადაკეთებას ეწინააღმდეგებიან

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ “გამორიცხულია“ რუსული სამხედრო ბაზების ანტიტერორისტულ ცენტრებად გადაკეთება. ქართული მხარე არ აპირებს სამხედრო ბაზები ანტიტერორისტული ცეტრების „აბრებით შეცვალოს,  ანტიტერორისტული ცენტრების ფუნქცია განსხვავდება ბაზებისაგან და მოლაპარაკებათა წარმართვა მხოლოდ ამ რეჟიმშია შესაძლებელი“, განაცხადა ბურჯანაძემ.


პარლამენტის თავმჯდომარემ ეს განცხადება ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტის ბიურომ 25 მაისს, გვიან საღამოს დახურულ კარს მიღმა ანტიტერორისტული ცენტრებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილისაგან მოისმინა. 


გავრცელებული ცნობით, სამხედრო ბაზებზე ქართულ–რუსული მოლაპარაკებების ფარგლებში ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრების შექმნა, რომლისთვისაც შესაძლოა რუსული ბაზების ინფრასტრუქტურა იქნეს გამოყენებული,  თითქმით გადაწყვეტილია.


ბურჯანაძის განცხადებით, “არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს ანტიტერორისტული ცენტრების მიმართ… პირიქით, მზად ვართ სერიოზული მუშაობა გავწიოთ მის შესაქმნელად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბაზები დაიხურება და გაყვანილი იქნება საქართველოდან“.


მისი თქმით, ანტიტერორისტულ ცენტრებში, რომელიც თავდაცვის სამინისტროს არ დაექვემდებარება,  მძიმე ტექნიკა არ განთავსდება, “შესაძლოა იყოს მხოლოდ მცირე რაოდენობით სამხედრო ტექნიკა“.


პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ქართულ–რუსულ მოლაპარაკებებზე ანტიტერორისტული ცენტრების დეტალებზეც მიმდინარეობს მსჯელობა.


ანტიტერორისტული ცენტრების თემის მიმართ ნინო ბურჯანაძის პოზიციას საპარლამენტო უმრავლესობა სრულად იზიარებს.


თუმცა “მემარჯვენე ოპოზიციის“ ლიდერი დავით გამყრელიძე, რომელმაც ვანო მერაბიშვილის მოხსენებას “ზედაპირული“ უწოდა, აცხადებს, რომ ანტიტერორისტული ცენტრების შექმნის კატეგორიული წინააღმდეგია.


“სამართლებრივად გამყარებული ცენტრების არსებობა კიდევ უფრო მძიმე შედეგის მომტანი იქნება ქვეყნისათვის, ვიდრე დღეს არსებული ბაზებია“, განუცხადა 25 მაისს ჟურნალისტებს გამყრელიძემ.

მსგავსი/Related

Back to top button