ახალი ამბები

აშშ-ის მომავალი ელჩი საქართველოში პრიორიტეტებზე საუბრობს

ჯონ ტეფტმა, რომელიც ახლახანს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საქართველოში ამერიკის ახალ ელჩად დაასახელა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 24 მაისს გამართულ მოსმენაზე საქართველოსთან ურთიერთობებში ამერიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა. თავის სიტყვაში ტეფტმა ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოს მთავრობის “ნომერ პირველი“ ამოცანაა. ასევე  ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, რუსეთთან ურთიერთობების დალაგება მორალური თვალსაზრისით და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება საქართველოს მთავარი პრიორიტეტები უნდა გახდეს.   


ჯონ ტეფტი, რომელიც ვირჯინიის შტატში დაიბადა, ამჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. მას დიპლომატიურ სამსახურში 33-წლიანი გამოცდილება აქვს, იგი მსახურობდა იერუსალიმში, უნგრეთში, იტალიაში, რუსეთში და ლიტვაში. ჯონ ტეფტი საქართველოში ელჩის თანამდებობაზე რიჩარდ მაილსს შეცვლის, რომელსაც როტაციის ვადა უკვე გაუვიდა.  


“შევეცდები შევცვალო ჩვენი ერთი-ერთი ყველაზე წარმატებული დიპლომატი ამერიკის დიპლომატიურ სამსახურში, დიკ მაილსი. მე იგი შევცვალე მოსკოვში მისიის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დიდი ხნის წინ, და ახლაც პატივი მაქვს შევცვალო იგი ამ ახალ მნიშვნელოვან თანამდებობაზე“, განაცხადა ჯონ ტეფტმა აშშ-ის სენატის კომიტეტში გამოსვლისას.


მისი თქმით, საქართველოს, რომელსაც “აშშ-ის პრეზიდენტის დემოკრატიის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია“, დიდი წარმატების ისტორია აქვს, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა “ვარდების რევოლუციის დაპირებები ასრულდეს“.


“პირველ რიგში, საქართველომ უნდა განაგრძოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა. ეს არის მთავარი ამოცანა, რათა ‘ვარდების რევოლუცია“ შეუქცევადი გახდეს“, განაცხადა მომავალმა ელჩმა. 


მისი თქმით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენას ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების საქმეში, რადგანაც საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა ტერორიზმის წინააღმდეგ ომში და ერაყის გათავისუფლების ოპერაციებში.


ჯონ ტეფტმა განაცხადა, რომ თუ მას დაამტიკიცებენ ელჩის თანამდებობაზე, იგი დაეხმარება საქართველოს იპოვოს გზები “წარსულის პრობლემების“ მოსაგვარებლად. მან თბილისის კრემლთან დაძაბულ ურთიერთობებზე და რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოში არსებობაზე გაამახვილა ყურადღება.


“მჯერა, რომ არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და რუსეთისთვის დაამყარონ ახალი, კონსტრუქციული ურთიერთობა პატივისცემის, საერთო ეკონომიკური ინტერესების და ურთიერთუსაფრთხოების საფუძველზე“, განაცხადა ტეფტმა. 


“საქართველოს და რუსეთს ახლა აქვთ შესაძლებლობა იპოვონ გზა რუსული ბაზების საქართველოს ტერიტორიიდან გასაყვანად. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, რათა დავეხმარო ორივე მხარეს ეს შესაძლებლობა რეალობად აქციონ“, დასძინა მან.


ამის შემდეგ, მომავალმა ელჩმა საქართველოს სეპარატისტულ კონფლიქტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ საბოლოოდ უნდა დაამყაროს კონტროლი თავის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.  


“პრეზიდენტ ბუშის გამოსვლა თბილისში [10 მაისს] ნათელ გზავნილს შეიცავდა იმის თაობაზე, რომ დროა საქართველოში სეპარატისტული კონფლიქტები მოგვარდეს“,  დასძინა ტეფტმა.


“მშვიდობიანი მოგვარება ერთადერთი პასუხია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისადმი, თანაც სტატუს ქვო არ უნდა დარჩეს“, განაცხადა ტეფტმა.


მისი თქმით, საქართველოს ჩართვა ათასწლეულის გამოწვევის დახმარების პროგრამაში კიდევ ერთი ნიშანია ამერიკის ნდობისა საქართველოს პოტენციალის მიმართ.   


“1991 წლის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა საქართველოში. დღეს არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ ახლა ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს პროგრესს, რათა მან თავისი დემოკრატიული მცდელობების კონსოლიდაცია მოახდინოს. იმედი მაქვს, რომ ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის შესახებ შეთანხმება მალე შედგება, რომელიც მიზნად ისახავს სიღარიბის დაძლევას და ეკონომიკის გაუმჯობესებას“, განაცხადა ტეფტმა.


ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ საქართველო ხსენებული პროგრამის ფარგლებში 120-125 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.


ელჩად დამტკიცების შემთხვევაში, ჯონ ტეფტი საქართველოში ახალი საელჩოს კომპლექსში იმუშავებს, რომელიც ამჟამად დიდ დიღომში შენდება და რომლის მშენებლობაც 114 მილიონ აშშ დოლარი დაჯდება. მშენებლობა 2006 წელს დასრულდება.

მსგავსი/Related

Back to top button