ახალი ამბები

ამერიკელი სენატორი საქართველოსთან თანამშრომლობაზე საუბრობს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რიჩარდ ლუგარმა 24 მაისს განაცხადა, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების “მყარი პარტნიორია“ და აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ფინანსური და ტექნიკური დახმარების კუთხით.


სენატორი ლუგარი ამერიკის ახალი ელჩების კანდიდატურების საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოვიდა. ამ კანდიდატურებს შორის იყო ჯონ ტეფტიც, რომელიც პრეზიდენტმა ბუშმა ამერიკის ახალ ელჩად დაასახელა საქართველოში.


“ამერიკის შეერთებული შტატები უნდა დაეხმაროს საქართველოს პროგრესის გაფართოებაში. სხვა ქვეყნებთან ერთად, რომლებიც დემოკრატიის გამყარებისთვის იბრძვიან, ჩვენ უნდა განვაგრძოთ საქართველოს  მხარდაჭერა ფინანსური და ტექნიკური დახმარების აღმოჩენის გზით. საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის მნიშვნელოვანი მეგობარი და მოკავშირე გახდა, და მზად ვართ ყველაფრისთვის, რისი მიღწევაც ერთად შეგვიძლია“, განაცხადა სენატორმა ლუგარმა.


ლუგარმა ასევე ისაუბრა საქართველოში ახალი ელჩის კანდიდატურაზე. მისი თქმით, ჯონ ტეფტს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის 33-წლიანი გამოცდილება აქვს და უკვე წარმატებულად იმსახურა “რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან დიპლომატიურ პოსტებზე“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button