ახალი ამბები

არასამთავრობო სექტორი ბიზნესს მხარდაჭერას აღუთქვამს

“სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის” (CAP) ფარგლებში 24 მაისს გამართულ პრეს–კონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მხარდაჭერა გამოხატეს ბიზნესის მიმართ და თანადგომა აღუთქვეს იმ შანტაჟისა და რეკეტის წინააღმდეგ, რომელსაც, მათი თქმით, ხელისუფლება ბიზნესზე კვლავ ახორციელებს.


“ჩვენ მზად ვართ მხარში დავუდგეთ ბიზნესს იმ ზეწოლის წინააღმდეგ, რომელსაც ჯერ კიდევ ახორციელებს ხელისუფლება ბიზნესის მიმართ“, განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანა დოლიძემ.


ბიზნესმეთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ისაკაძის განცხადებით, ბიზნესმა თავად უნდა აღიმაღლოს ხმა იმ ზეწოლის წინააღმდეგ, “რასაც ბიზნესმენები მხოლოდ პირად საუბრებში ადასტურებენ“.


სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის დაუცველობის გარდა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა თქმით, ბიზნესის გავითარებას ხელს უშლის ახალი საგადასახადო კოდექსის ცალკეული დებულებები; ასევე საგადასახადო არბიტრაჟის, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული გზის, გაუქმება; ლიცენზირება–ნებართვების მოუწესრიგებელი სისტემა; ფინანსური და ქონებრივი ამნისტიის აუმოქმედებლობა; კონტრაბანდის ზრდა; გაუმჭვირვალი პრივატიზაცია და შესყიდვები. 


არასამთავრობო ორგანიზაციები ბიზნესთან თამშრომლობით აპირებენ ამ თემებზე წინადადებათა ერთიანი დოკუმენტის ხელისუფლებისათვის წარდგენას, რათა პრობლემები, რომელიც დღეს ბიზნესს აქვს, მაქსიმალურად შემცირდეს. 


“მისასალმებელია, რომ ფართოვდება წრე იმ ადამიანებისა, რომელიც მხარში უდგას ბიზნესს და სტაბილური, პროგნოზირებადი ბიზნეს–გარემოს შექმნას“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ გიორგი ისაკაძემ.

მსგავსი/Related

Back to top button