ახალი ამბები

პუტინი საქართველოდან ბაზების გაყვანის აუცილებლობაზე სინანულით საუბრობს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 23 მაისს განაცხადა, რომ საქართველოში განლაგებული სამხედრო ბაზები რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებში არ შედის, თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისით მათ გაყვანას მოსკოვისთვის ნეგატიური მნიშვნელობა აქვს. პუტინმა ეს განცხადება  ბაზების გაყვანის თაობაზე თბილისში მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად გააკეთა. ქართულმა მხარემ უკვე შეაფასა ეს მოლაპარაკებები, როგორც  კონსტრუქციული.


“კარგია თუ ცუდი ის, რომ ჩვენ იქიდან მივდივართ? ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ისინი [საქართველოში განლაგებული სამხედრო ბაზები] არ წარმოადგენს ჩვენს ინტერესს. ეს ჩემი აზრი არ არის. ეს [რუსეთის შეიარაღებული ძალების] გენერალური შტაბის პოზიციაა“, განაცხადა პუტინმა გაზეთ “კომსომოლსკაია პრავდას“ თანამშრომლებთან შეხვედრაზე.


“კარგია, თუ ცუდი პოლიტიკური თვალსაზრისით? ვფიქრობ, არც ისე კარგია, რადგანაც ეს [ბაზების გაყვანა] იმ ფაქტზე მეტყველებს, რომ ჩვენს მეზობლებს [საქართველოში] არ სურთ ჩვენი ბაზების იქ ყოფნა. და ამაში ვერაფერს კარგს ვერ ვხედავ. თუმცა ბევრად უარესი იქნებოდა, რომ ამ სუვერენული უფლების წინააღმდეგ წავსულიყავით“, აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.


მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მას შემდეგ, რაც რუსული ბაზები დატოვებენ ქვეყანას, რომელიმე მესამე ქვეყნის ბაზების საქართველოში განლაგების წინააღმდეგია.


“არ მინდა, რომ საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შემდეგ ისინი მესამე ქვეყნის ჯარებმა ჩაანაცვლონ. ეს ჩვენს უსაფრთხოებას დაემუქრება და ამას ქართველი პარტნიორებიც გაგებით ეკიდებიან“, იუწყება 23 მაისს “რია ნოვოსტი“ პუტინის სიტყვებზე დაყრდნობით.


მან ასევე გააკრიტიკა ის “ტონი“, რომელსაც საქართველო რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების დროს იყენებს. კერძოდ, იგი გულისხმობდა საქართველოს პარლამენტის მიერ მარტში მიღებულ დადგენილებას, რომელიც ავალებს მთავრობას  გარკვეული შეზღუდვები დაუწესოს რუსულ ბაზებს იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას მოლაპარაკებებზე.


“მე უსაფუძვლოდ მიმაჩნია ამგვარი ზეწოლის გამოყენება მოლაპარაკებების დროს“, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.   


ამავდროულად, თბილისში მიმდინარეობს ქართულ– რუსულ მოლაპარაკებები, რომლებიც 23 მაისს დაიწყო და 24 მაისს გაგრძელდება. მხარეები შეეცდებიან საბოლოოდ შეათანხმონ ბაზების გაყვანის პროცესის დეტალები.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ, რომელიც ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს ქართულ– რუსულ მოლაპარაკებებზე, განაცხადა, რომ სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით “ძალიან სერიოზულ პროგრესთან გვაქვს საქმე“.


მისი თქმით, “დარჩენილია რამოდენიმე პრინციპული საკითხი, რომელთა კიდევ უფრო დაახლოებასაც ჩვენ შევეცდებით მოლაპარაკებებზე 24 მაისს“. თუმცა, მან დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.


მოლაპარაკებების დაწყებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა იგორ სავოლსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის ბაზები 2008 წლის განმავლობაში დახუროს, თუმცა კონკრეტული თარიღი მას არ დაუსახელებია.


მერაბ ანთაძემ მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ქართული მხარისთვის გაყვანის პროცესის დეტალები, “რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე დახურვის საბოლოო ვადა“.


ქართული მედიის ვარაუდით, რუსული და ქართული მხარეები საბოლოო შეთანხმებას 24 მაისის მოლაპარაკებებზე მიაღწევენ. 


 

Back to top button