ახალი ამბები

პარლამენტმა შევეიცარიაში ახალი ელჩის დამტკიცება გაურკვეველი ვადით გადადო

დღეს საქართველოს პარლამენტმა თავი შეიკავა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი გომიაშვილის შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნაზე გადაწყვეტილების მიღებისაგან და აღნიშნული საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა.


პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, იმის გამო, რომ გომიაშვილის კანდიდატურამ დეპუტატებში სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, “საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან“. 


გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ დეპუტატებმა შვეიცარიაში ახალი ელჩის კანდიდატურის გაწვევა მოითხოვონ.


19 მაისს საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა ღიად გამოხატა წინააღმდეგობა გიორგი გომიაშვილის კანდიდატურის მიმართ. არაოფიციალური ინფორმაციით, დეპუტატები გომიაშვილის ელჩად დანიშვნას ეწინააღმდეგებიან იმ მოტივით, რომ იგი საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის პროტეჟედ ითვლება, რომელთანაც წამყვან დეპუტატებს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს, დაძაბული ურთიერთობები აქვს. თუმცა თავად დეპუტატები მინისტრთან პირად დაპირისპირებას უარყოფენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button