ახალი ამბები

ნატო მიესალმება საქართველოს მიერ IPAP–ის განხორციელებას

ქართულ არმიაში გამჭირვალობის ნაკლებობა, საკადრო გადაადგილებები  ნატოს უკმაყოფილებას იწვევს







ოქრუაშვილი, ბარამიძე, ზურაბიშვილი და სხეფერი
ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე ბრიუსელში. 
ფოტო: ნატო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი 18 მაისს ბრიუსელს ეწვივნენ, სადაც ნატოს წევრ ქვეყნებთან საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP) განიხილეს, რომელიც საქართველოს ნატოსკენ წრაფვას გაუკვალავს გზას.


ბრიუსელში 18 მაისს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა და სამმა ქართველმა მინისტრმა საქართველოს მიერ IPAP-ის განხორციელების შუალედული შეფასების ზოგიერთ დეტალზე ისაუბრეს. ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქართველომ “დიდ პროგრესს” მიაღწია, თუმცა დასძინა, რომ “კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი”.


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ნატოს ოფიციალურ პირებს სამი ძირითადი შენიშვნა ჰქონდათ: ხშირი საკადრო ცვლილებები თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბში; სამხედრო ხარჯები და შესყიდვები და სამხედრო ინსტიტუტებზე ძლიერი სამოქალაქო კონტროლის ნაკლებობა.


“ძალიან სასიამოვნო ფაქტია, როცა სამი ქართველი მინისტრი მოდის ნატოს შტაბბინაში, რათა განვიხილოთ საქართველოს მიერ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შესრულება“, განაცხადა სხეფერმა ერთობლივ ბრიფინგზე. 


მისი თქმით, საქართველო “ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნამდვილ ამბიციას” იჩენს.


“ჩვენ დავინახეთ, რომ დიდი წინსვლაა მიღწეული IPAP-ის ფარგლებში … განხორციელების პროცესი არ არის ყოველთვის ადვილი. პროგრესი სახეზეა; თუმცა ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი. მნიშვნელოვანია რეგულარული განხილვების გამართვა ჩვენს ქართველ მეგობრებთან“, დასძინა მან. 


“IPAP–ის განხორციელება ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ, მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ქართველი მეგობრების მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში და ნატო მზად არის დახმარებისთვის“, დასძინა მან.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ნატოს შტაბბინაში ვიზიტმა დაადასტურა “ის მნიშვნელობა, რასაც ჩვენ IPAP–ის განხორციელებას ვანიჭებთ“.


“ჩვენ სტიმული მოგვცა იმ მხარდაჭერამ, რომელიც მივიღეთ [ნატოს] ყველა წევრი ქვეყნიდან IPAP–ის განხორციელების გზაზე, რასაც ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით. ვიცით, ეს უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს და ჩვენ მზად ვართ ამისათვის“, დასძინა მან.


თავდაცვის მინისტრის თქმით, ნატოში გამართული განხილვები „ძალიან საინტერესო“ იყო. მან ის რამდენიმე შენიშვნა გააჟღერა, რაც ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა IPAP–ის განხორციელებასთან დაკავშირებით დააფიქსირეს.   


“რამდენიმე შენიშვნა გაკეთდა [ნატოს მიერ]. ძირითადად, ისინი ეხებოდა ხშირ საკადრო ცვლილებებს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბში. ჩვენი პასუხი იყო, რომ ეს საკადრო ცვლილებები გამოიწვია რამდენიმე მიზეზმა [მან არ დააკონკრეტა] და ახლო მომავალში რაიმე რადიკალური [საკადრო] ცვლილებები აღარ იგეგმება“, განაცხადა ოქრუაშვილმა.


მისი თქმით, გარკვეული შენიშვნები ასევე გამოითქვა სამხედრო შესყიდვებთან დაკავშირებით. ოქრუაშვილის თქმით, ნატო სიფრთხილეს იჩენს შესყიდვების თემის მიმართ, რადგანაც საქართველოს ჯერ არ შეუმუშავებია თავდაცვის დაგეგმვის სისტემა. 


“მესამე შენიშვნა ეხებოდა სამხედრო ინსტიტუტებზე სამოქალაქო კონტროლის საკითხს“, განაცხადა ოქრუაშვილმა.  


“ჩვენ მივიღეთ ეს შენიშვნები, თუმცა ზოგიერთს არ დავეთანხმეთ. კარგად გვესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი IPAP–ის განხორციელებისთვის. მინდა განვაცხადო, რომ ეს ჩემი პირადი შეხედულებაა, ამ წლის ბოლოსთვის ჩვენ IPAP–ის განხორციელებაში უდიდესი პროგრესის მოწმენი გავხდებით“, განაცხადა ოქრუაშვილმა.


ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საქართველოს ოფიციალურმა პირებმა, როგორც სხეფერმა აღნიშნა, „ზოგადი პოლიტიკური ვითარებაც“ განიხილეს, მათ შორის რუსული სამხედრო ბაზების და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხებიც.


“სრულიად ნათელია, რომ ნატო პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას … იმედი გვაქვს, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის პრობლემაც მშვიდობიანად მოგვარდება“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.


მან ასევე გააკეთა კომენტარი საქართველოში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზებზე და განაცხადა, რომ “ეს ბაზები უნდა გავიდნენ“. მან აქვე დასძინა, რომ ეს საკითხი “საქართველოსა და რუსეთს შორის განხილვის საგანს წარმოადგენს“.      


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button