ახალი ამბები

ოპოზიცია ალექსიშვილს “თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში” ადანაშაულებს

პარლამენტის ოპოზიციური ჯგუფების “რესპუბლიკელების“ და “მემარჯვენე ოპოზიციის” წარმომადგენლები ეკონომიკური განვითარების მინისტრს ალექსი ალექსიშვილს თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის ტენდერის “დარღვევებით” ჩატარებაში, გამარჯვებულად გამოვლენილი კომპანიების “ლობირებასა“ და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.


16 მაისს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ალექსი ალექსიშვილმა სამი კომპანიის  – თურქული Çelebi Group, ლუქსემბურგში განთავსებული Gestion en Technique Spéciale (GTS) და ამერიკული A&J-ისგან შემდგარი კონსორციუმი გამარჯვებულად გამოაცხადა აეროპორტის ტენდერში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ასევე კომპანიები “ტაკომი” და “ტავი”.


კონსორციუმი აეროპორტის რეკონსტრუციაზე 62 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, რის შემდეგაც თბილისის აეროპორტი შეძლებს მოემსახუროს 330/340 ტიპის თვითმფრინავებს და საათში 2000 მგზავრს.


17 მაისს ეკონომიკის მინისტრი აღნიშნულ საკითხზე ახსნა–განმარტებისთვის პარლამენტის სხდომაზე წარსდგა.


“რესპუბლიკური” პარტიიდან დეპუტატის ივლიანე ხაინდრავას განცხადებით, ტენდერების პირობებს სხვა კომპანიები უფრო აკმაყოფილებდნენ, “თუმცა მავანის ჩარევის გამო უკვე გამარჯვებული კომპანიის წინადადებების გაკეთილშობილება მოხდა“.


ალექსი ალექსიშვილის თქმით, აეროპორტის რეკონსტრუქციის ტენდერში გამარჯვებული კომპანიების წინადადებები ქართული მხარისთვის მისაღები იყო, რადგან მშენებლობა 18 თვის ნაცვლად 11 თვეში დასრულდება, ასევე  აეროპორტი მმართველობაში სახელმწიფოს ათნახევარი წელიწადში დაუბრუნდება და მგზავრობის ღირებულება არ გაიზრდება.


დეპუტატებმა ეკონომიკის მინისტრის განმარტებები არადამაჯერებლად ჩათვალეს და აეროპორტის რეკონსტრუქციის ტენდერთან დაკავშირებით გამოძიება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს დაავალეს.


18 მაისს მთავრობის სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ შექმნილი ვითარების მიუხედავად, გამარჯვებულ კონსორციუმთან დადებული კონტრაქტი არ გაუქმდება და პროექტის მშენებლობა არ შეჩერდება.



 

მსგავსი/Related

Back to top button