ახალი ამბები

გფბ: ხელყუმბარა პრეზიდენტებს საფრთხეს უქმნიდა

აშშ–ს გამოძიების ფედერალური ბიუროს (გფბ) თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ბრაიან პარმანმა და შს მინისტრის მოადგილემ ბიძინა ბრეგაძემ დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდეს ყველა იმ მოქალაქეს, ვინც 10 მაისს თავისუფლების მოედანზე აშშ–ს და საქართველოს პრეზიდენტების გამოსვლას ესწრებოდა და შენიშნა პირი, რომელმაც ტრიბუნის მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა. ინფორმაციაზე ჯილდოდ დაწესებულია 20 ათასი ლარი.


10 მაისს მომხდარ ინციდენტს შს სამინისტრო და აშშ–ს გამოძიების ფედერალური ბიურო ერთობლივად იძიებენ. “გამოძიების შესახებ ინფორმაციას ვაწვდით ამერიკის საიდუმლო უსაფრთხოების სამსახურს და სხვა შესაბამისს უწყებებს“, განაცხადა ბრაიან პარმანმა.
 
მისი თქმით, გამოძიებისათვის ღირებული იქნება ასევე მოყვარული ვიდეოკამერით ან ფოტოაპარატით გადაღებული კადრები.


“მივმართავ მოსახლეობას დახმარება აღმოუჩინოს გამოძიებას, რათა ერთობლივი ძალისხმევით მართლმსაჯულებას წარვუდგინოთ პირი, რომელიც ამდენი ადამიანის სიცოცხლეს დაემუქრა“ განაცხადა 18 მაისს გამართულ ბრიფინგზე პარმანმა.


მისი თქმით, პირველადი კვალიფიცირებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ნასროლი ნივთი “არის საბრძოლო მოქმედების ხელყუმბარა, რომელმაც არ იმუშავა კაფსულ–დეტონატორში რბილი დარტყმის გამო“.


“ჩვენი აზრით,[ხელყუმბარის აფეთქების შემთხვევაში] საფრთხე ექმნებოდა როგორც აშშ–ს, ისე საქართველოს პრეზიდენტებს და მრავალ ქართველს, რომელიც იმ მომენტში თავისუფლების მოედანზე იმყოფებოდა“, განაცხადა პარმანმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button