ახალი ამბები

თბილისი ბაზებზე მოლაპარაკებების გაგრძელებასთან ერთად ფრთხილ ოპტიმიზმს იჩენს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 17 მაისს განაცხადა, რომ რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის პრობლემა „უკვე გადაწყვეტილია“ და არ არის საჭირო „ხმამაღალი განცხადებების“ გაკეთება. ამით, მან სიტყვების იმ ომის დასრულების საჭიროებაზე მიანიშნა, რომელიც ბოლო დროს რუსეთის და საქართველოს ოფიციალურ პირებს შორის გაიმართა.

რუსი და ქართველი ექსპერტები სავარაუდოდ თბილისში მომავალ კვირას შეხვდებიან, რათა საბოლოოდ შეათანხმონ ბაზების გაყვანის პროცესის დეტალები.

ვარშავაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესში გარკვეული პროგრესი შეინიშნება და მოიძებნა ბაზების გაყვანის „ცივილიზებული გზა“. თუმცა, მან ასევე სიფრთხილე გამოხატა და განაცხადა, რომ იგი მხოლოდ მაშინ დაიჯერებს, რომ პროგრესი მიღწეულია, როცა საკუთარი თვალით ნახავს საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს.

მისი თქმით, რუსული ბაზების ბათუმიდან და ახალქალაქიდან გაყვანა „გარდაუვალი ისტორიული“ პროცესია; მან აქვე დასძინა, რომ სამხედრო  ბაზების საკითხი არ უნდა გახდეს „განხეთქილების ვაშლი“ რუსეთსა და საქართველოს შორის.

საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ასევე ახლდა პრეზიდენტს ვარშავაში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები სამხედრო ექსპერტებისა და დელეგაციების დონეზე, რომელსაც ქართული მხრიდან მისი მოადგილე მერაბ ანთაძე და რუსული მხრიდან საგანგებო დავალებათა ელჩი იგორ სავოლსკი უხელმძღვანელებს, “მომავალი კვირის ორშაბათს [23 მაისი] თბილისში გაიმართება“.     

ბაზებზე პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას წინ უძღოდა რუსული მხარის ახალი წინადადებები ბაზების გაყვანის თაობაზე, რომელიც თბილისს გასულ კვირას გააცნეს. საქართველოს ოფიციალურმა პირებმა დადებითად შეაფასეს ეს წინადადებები და მას „უფრო მისაღები“ უწოდეს, თუმცა, მათი თქმით, შეუთანხმებელი საკითხები კვლავ რჩება.

არც პრეზიდენტმა სააკაშვილმა, არც საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის წინადადებების დეტალებზე საუბარი არ ისურვეს. თუმცა, მათ პრეს-კონფერენციამდე ერთი დღით ადრე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ზოგიერთ დეტალზე.

16 მაისს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ თბილისისთვის “მისაღები“ დოკუმენტის  პროექტით, რუსული მხარე თანახმაა სამხედრო ბაზები საქართველოდან 2008 წლამდე გაიყვანოს.

“ჩვენი პოზიცია იყო ბაზები საბოლოოდ 2008 წლის იანვრისთვის დახურულიყო, თუმცა დოკუმენტში თებერვალია შემოთავაზებული, რაზეც შეიძლება, რომ არც ვიდავოთ“, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.   

მისი თქმით, ქართული მხარისთვის მოსკოვის წინადადებებში მიუღებელი აღმოჩნდა შემოთავაზება, რომელიც “იკითხებოდა ისე, რომ რუსული ბაზები ანტიტერორიტულ ცენტრებად უნდა გარდაქმნილიყო“.

“ჩვენი მოთხოვნაა, რომ რუსული ბაზები დაიხუროს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს მოლაპარაკებები ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის შესახებ, რაც არა მხოლოდ რუსეთ–საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის იქნება მნიშვნელოვანი“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ პარლამენტის დადგენილება რუსულ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღარ გასცემს ახალ ვიზებს რუსი სამხედროებისთვის. ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ეს „ლიბერალური“ ღონისძიებაა, თუმცა აქვე დასძინა, რომ „თუ მხარეები ვერ მიაღწევენ საბოლოო შეთანხმებას, რეჟიმი [ღონისძიებები ბაზების წინააღმდეგ], ბუნებრივია, რომ უფრო გამკაცრდება“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურმა 17 მაისს დაადასტურა, რომ საგარეო უწყებამ 15 მაისიდან შეწყვიტა ვიზების გაცემა რუსი სამხედროებისთვის; თუმცა რაიმე მოთხოვნა ვიზებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსული მხარისგან ჯერ-ჯერობით არც მიუღია.

ნინო ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვის შემოთავაზებაში ჯერ კიდევ რამდენიმე საკამათო საკითხი რჩება. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ შეუთანხმებელი საკითხების დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-მა 15 მაისს არაოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც მხარეები ვერ თანხმდებიან ახალქალაქიდან სამხედრო ბაზის გაყვანის ვადაზე. ინფორმაციის თანახმად, რუსული მხარე აცხადებს, რომ  ახალქალაქში თავის სამხედრო ბაზას დახურავს 2006 წლის განმავლობაში, თუმცა კონკრეტულ თარიღს არ აზუსტებს, მაშინ როცა  ქართული მხარე ბაზის დახურვის საბოლოო ვადად 2006 წლის 1 მარტს ასახელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელიც ვარშავაში ევროპის საბჭოს სამიტის პარალელურად  თავის ქართველ კოლეგას სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, 16 მაისს ვარშავაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ „რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხი, ძირითადში, გადაწყვეტილია რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ“.

„ახლა, პროფესიონალები (რუსი და ქართველი ექსპერტები) უნდა შეთანხმდნენ, თუ როგორ განახორციელონ გაყვანის პროცესი. ჩვენ დიდი ხნის წინაც შევთანხმდებობით, პროფესიონალურ დონეზე რომ გვესაუბრა. მოლაპარაკებების პოლიტიკური თამაშებისთვის გამოყენება აფერხებს და ართულებს პროცესს“, განაცხადა სერგეი ლავროვმა.
 

მსგავსი/Related

Back to top button