ახალი ამბები

იაკოვენკო: გუდაუთის ბაზის ინსპექტირება თბილისმა დაბლოკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ კომენტარი გააკეთა გუდაუთის ბაზასთან დაკავშირებით, რომლის [2001 წელს] ლიკვიდაციის მიმართ თბილისი დიდი ხანია ეჭვს გამოთქვამს და საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას ითხოვს.


“გუდაუთის ბაზის ლიკვიდაციის ფაქტის დასადგენად ეუთოს მისიის გაგზავნის საკითხი გერმანიის ინიციატივით ეუთოში განიხილებოდა. ამ ინიციატივამ მხარდაჭერა მიიღო ჩვენი მხრიდან. თუმცა, მისი განხორციელება დაბლოკა საქართველომ იმ მოტივით, რომ რუსულ მხარესთან მთელი რიგი საკითხები წინასწარ შეთანხმებას საჭიროებდა“, იუწყება 18 მაისს რუსეთის საგარეო უწყება იაკოვენკოს სიტყვებზე დაყრდნობით.


მისი თქმით, ამჟამად “საუბარია საქართველოსთვის ბაზის დოკუმენტალურად გადაცემაზე და ასევე ამ [გუდაუთის ბაზის] ობიექტების აფხაზეთში განლაგებული [დსთ–ს] კოლექტიური სამშვიდობო ძალების მიერ გამოყენების თაობაზე შეთანხმების მიღწევაზე“.


იაკოვენკოს განცხადებით, რუსული მხარე მზადაა ამ საკითხებზე შეთანხმების მიღწევისათვის, “თუმცა ამ პროცესსაც ასევე აფერხებს ქართული მხარე“.

მსგავსი/Related

Back to top button