ახალი ამბები

თბილისი სამხედრო ბაზებზე მოლაპარაკებებს “შანსს” აძლევს

საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა სალომე ზურაბიშვილმა და ირაკლი ოქრუაშვილმა 13 მაისს სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ თბილისი საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე მოლაპარაკებებს “შანსს” აძლევს, რომლის წარუმატებლობის შემთხვევაში პარლამენტის დადგენილებით მინიჭებულ “ბერკეტებს” აამოქმედებს.


ზურაბიშვილის ინფორმაციით, რომელიც აცხადებს, რომ “მოლაპარაკებები მიმდინარეობს დღესაც“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვიდან ახალი წინადადებები მიიღო, “რომელსაც განვიხილავთ და ვნახავთ, როგორ წავრმართოთ აქედან [თბილისიდან] მოლაპარაკებები“.


თავდაცვის მინისტრი მოლაპარაკებებში “არსებულ პერსპექტივაზე საუბრობს“ და აცხადებს, რომ “ჩვენ არ გადავდგავთ უახლოეს დღეებში რაიმე რადიკალურ ნაბიჯებს, მოვერიდებით ამას მხოლოდ იმისათვის, რომ არ ჩაიშალოს მოლაპარაკებები“.


“უპრიანი იქნება, რომ შეთანხმება მოხდეს; მაგრამ თუ დავინახავთ, რომ დროში ეს პროცესი უსასრულოდ იწელება, არ ვიქნებით გულხელდაკრეფილები, როგორც ეს რუსეთში განაცხადეს“, აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.


მას მხედველობაში ჰქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ 12 მაისს გაკეთებული განცხადება, რომელის მიხედვითაც “თუ რუსული ბაზების ან რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ [საქართველოში] გადაიდგმება ნაბიჯები, რომელიც მათ ცხოვრების ნორმალურ პირობებს საფრთხეს შეუქნის, რომ არაფერი ვთქვათ ბაზებზე არსებული შეიარაღების სხვის ხელში აღმოჩენაზე, გარწმუნებთ, რომ ჩვენ გულხელდაკრეფილები არ ვიჯდებით“. 


“თუ დავინახავთ, რომ  მოლაპარაკებებს პერსპექტივა არ აქვს, ბუნებრივია, რომ ყველა ბერკეტს ავამოქმედებთ“, აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button