ახალი ამბები

აშშ-ს პრეზიდენტმა პუტინთან ბაზების საკითხი განიხილა

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში ვიზიტის დროს რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის საკითხი განიხილა.


“ბაზების საკითხზე პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრაზე ვისაუბრე, რომელიც ინფორმირებული იყო, რომ თბილისში მეგობარ სააკაშვილთან ვგეგმავდი შეხვედრას“, განაცხადა 10 მაისს ქართველ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე აშშ–ს პრეზიდენტმა.


“პუტინმა განმარტა, რომ არსებობს 1999 წლის ეუთოს [სტამბულის] სამიტის შესაბამისი გადაწყვეტილება, სადაც რუსეთი იღებს ვალდებულებას ბაზებთან დაკავშირებით. რუსეთი  მზად არის შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, რომელიც გათვალისწინებულია სამიტზე გაფორმებული ხელშეკრულებით“, განაცხადა ჯორჯ ბუშმა.


1999 წლის სტამბოლის შეთანხმებაში ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით გათვალისწინებულია, რომ რუსეთი და საქართველო იღებენ ვალდებულებას 2001 წლამდე მიაღწიონ შეთანხმებას ამ ბაზების ფუნქციონირებისა და მათი ლიკვიდაციის ვადების შესახებ, თუმცა შეთანხმება დღემდე ვერ მოხერხდა.


 

Back to top button