ახალი ამბები

ბუში: საქართველოს კონფლიქტების გადაწყვეტის კარგი სტრატეგია აქვს

აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განცხადებით, ქვეყანაში არსებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები „მშვიდობიანი გზით საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყდება და [საქართველოს] ხელისუფლებას კარგი სტრატეგია აქვს, რომ ეს ასე მოხდეს“.


“თუ პრეზიდენტი [სააკაშვილი] ფიქრობს, რომ ჩემი დახმარებაა საჭირო, მე აუცილებლად დავეხმარები, მაგრამ ეს საკითხი უნდა მოგვარდეს [საქართველოს] მთავრობასა და სეპარატისტულ ხელისუფლებას შორის“, განაცხადა ჯორჯ ბუშმა 10 მაისს ქართველ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე.


პრეზიდენტ ბუშის თქმით, აშშ-ს შეუძლია ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის გაეროსთან, რათა “დაგეხმაროთ ამ საკითხების [კონფლიქტების] მოგვარებაში“.


პრეზიდენტი ბუში მიესალმა კონლიქტების მოგვარების საქმეში საქართველოს ხელისუფლების მიერ ძლიერი თვითმმართველობის არგუმენტის წინ წამოწევას.


“სააკაშვილმა მითხრა, რომ იგი მხარს უჭერს ძლიერ თვითმმართველობას და ავტონომიას, მაგრამ არა ქვეყნის დანაწევრებას“, აღნიშნა ჯორჯ ბუშმა.


საქართველოს პრეზიდენტმა აქვე დაამატა, რომ საქართველოს კონფლიქტური რეგიონებიდან ადამიანები იქნენ გამოძევებულნი, რითაც მათ დემოკრატიული უფლებები, მათ შორის თვითმმართველობის, არჩევნების უფლებები, ჩამოერთვათ.


“იმედი გვაქვს, რომ მშვიდობიანად მოვაგვარებთ სამხრეთ ოს და აფხაზ თანამოქალაქეებთან პრობლემებს… იარაღით მიზნები ვერ იქნება მიღწეული, მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი კონფლიქტების მოგვარება“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Back to top button