
ბუშმა დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე გაამახვილა ყურადღება
აშშ–ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, როგორც თავად აღნიშნა, პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართული “გულახდილი“ მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ვარდების რევოლუცია“ იყო ძალიან ძლიერი მომენტი, რომლის შემდეგაც საქართველომ მოკლე დროში მოახერხა ბევრის გაკეთება.
“თუმცა საჭიროა დემოკრატიის, თავისუფალი მასმედიისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრება“, განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა.
“მან [სააკაშვილმა ]იწუწუნა მასმედიაზე… ეს კარგია, რადგან ეს ნიშნავს, რომ [მედია] თავისუფალია… მეც ვწუწუნებ ხოლმე ხანდახან მედიაზე, მაგრამ არა საზოგადოების წინაშე“, განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “შევთანხმდით თავისუფლების და დემოკრატიის გაზიარებასა და ამ ღირებულებების დამკვიდრებაზე”.
პრეზიდენტ ბუშის განცხადებით, ასევე ძალიან მნიშვნლოვანია, რომ ეროვნული უმცირესობების უფლებები იქნეს დაცული ქვეყანაში.
“მოუთმენლად ველი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას“, აღნიშნა აშშ–ს პრეზიდენტმა, რომლის ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებულია ეროვული უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრა.