ახალი ამბები

სააკაშვილი რუსულ ბაზებზე და II მსოფლიო ომის “ამორალურ გარიგებებზე“ საუბრობს

CNN-ისთვის და “რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუებში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა მისი მოსკოვის ვიზიტზე უარის მიზეზები. სააკაშვილის თქმით, იგი არ უცხადებს ბოიკოტს კონკრეტულად მოსკოვში გამართულ საზეიმო ღონისძიებებს II მსოფლიო ომის დასრულების 60 წლისთავის აღსანიშნავად. მისი თქმით, მან იმიტომ განაცხადა უარი დასწრებოდა ამ ცერემონიას, რომ რუსულმა და ქართულმა მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ბაზების გაყვანის თაობაზე.  


CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა ყოფილი საბჭოთა კავშირის პატარა ერებისთვის II მსოფლიო ომის შედეგებზეც ისაუბრა; მან დაგმო 1945 წლის იალტის კონფერენციის შედეგები და მას “კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამორალური გარიგება“ უწოდა.


“პატარა ერების დამონება დიდ ერებს შორის გარიგების გამო ან რაიმე პრაგმატული შეხედულებების გამო, რასაც შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა, ყოვლად დაუშვებელია“, განუცხადა სააკაშვილმა CNN-ს.


“ერთის მხრივ, ჩვენ ვიცით, თუ რა ბოროტებას წარმოადგენდა ფაშიზმი, და პატიმს ვცემთ იმ ხალხს, ვინც მონაწილეობა მიიღო მის დამარცხებაში. მეორე მხრივ, ჩვენ საქმე გვქონდა საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმთან, რომელსაც დამონებული ჰყავდა აღმოსავლეთ ევროპის ხალხები“, დასძინა მან.


სააკაშვილი არ არის მსოფლიოს იმ ათობით ლიდერს შორის, რომელიც მოსკოვში გამარჯვების დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებს ესწრება. 


“სახელმწიფოს ღირსეული ლიდერი მიიღებდა ანალოგიურ გადაწყვეტილებას, როგორიც მე მივიღე… იმედი მქონდა, რომ მივაღწევდით შეთანხმებას სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით, რომელიც საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უკანასკნელი გადმონაშთია, თუმცა ვერ შევძელით. გუშინ [7 მაისს] საკმაოდ პოზიტიული საუბარი მქონდა პრეზიდენტ პუტინთან და ჩვენ რეალური შანსი გვაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ, მაგრამ მე მზად ვიქნები უკეთესი ურთიერთობები მქონდეს [რუსეთთან], როცა ჩვენ დავინახავთ შედეგებს [ბაზების გაყვანის საკითხთან დაკავშირებით]“, განუცხადა სააკაშვილმა “რუსთავი 2“-ს 8 მაისს.  


“ახლა მოსკოვში საქართველოსთვის საზეიმო არაფერია“, დასძინა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button