ახალი ამბები

ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავენ

ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიზაციების კოალიცია “საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო“ ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ღია წერილით მიმართავს, სადაც სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე რეკომენდაციებს სთავაზობს.


ღია წერილში ხაზგასმულია სახელმწიფოს მხრიდან სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის გატარების საჭიროება, რაც “არ შეიძლება მივაკუთნოთ მეორეხარისხოვან საკითხთა რიგს“.


“იმედი გვაქვს, რომ თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში ერთ-ერთი მთავარი მიღწევა საქართველოში ერთიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება იქნება. ჩვენ მზად ვართ აქტიური თანამშრომლობისთვის“, ნათქვამია ღია წერილში, რომელსაც 20-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელი აწერს ხელს.


წერილის ავტორები აცხადებენ, რომ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ახალი მოდელი ქვეყნის გაერთიანების საფუძველი უნდა გახდეს და პრეზიდენტს რეკომენდაციით მიმართავენ, ახალ მოდელში არ ჩაიდოს სეპარატიზმის მაპროვოცირებელი ელემენტები, “რაც ეთნიკური კონფლიქტების ახალი ტალღის ინსპირირებას მოახდენს“.


მეორე საკითხად ეროვნულ უმცირესობათა მოძრაობა საარჩევნო სისტემის დახვეწას აყენებს,  “პარლამენტში სრულფასოვნად და არა ფორმალურად უნდა მოხდეს რეგიონების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინტერესების ასახვა“.


წერილში ნათქვამია, რომ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებმა  განათლების რეფორმის ფარგლებში არაქართული სკოლების რეფორმების პროექტისა და სასწავლო პროგრამების შემუშავებაში მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ განათლების სამინისტროსთან.


ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები ასევე აყენებენ პრეზიდენტთან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხს, “რომელიც ხელს შეუწობს ეროვნებათშორისი პოლიტიკის ფორმირების და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს“.


 

მსგავსი/Related

Back to top button