ახალი ამბები

ბურჯანაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 28 აპრილს ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური მოხსენების კომენტირებისას განაცხადა, რომ მოხსენებაში “საგანგაშო“ არაფერია.


“მე გავეცანი ამ მოხსენებას. მასში საგანგაშო არაფერია. ის ფაქტი, რომ ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს ხვრელი, რომლითაც ტერორისტები ისარგებლებენ, აშშ-ში 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენებით და სხვა ქვეყნებში მომხდარი ტერორისტული აქტებითაც დასტურდება“, განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 28 აპრილს.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრტერორიზმის ოფისის მიერ ტერორიზმის შესახებ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა 2004 წლის განმავლობაში აქტიურად იბრძოდა საერთაშორისო და შიდა ტერორიზმის წინააღმდეგ. “მიუხედავად ამისა, საქართველო მცირე მასშტაბით კვლავ გამოიყენება ტერორისტების სატრანზიტო სახელმწიფოდ, თუმცა მთავრობის მიერ 2002 წლის ბოლოს პანკისის ხეობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ბევრად უფრო ნაკლებად“.


“ვერავინ იტყვის იმას, რომ 100%-ით შეიძლება გამოირიცხოს ტერორიზმის საფრთხე, განსაკუთრებით მაღალმთიან რაიონებში. ამგვარად, მოვუწოდებ ყველას სწორად შეაფასონ მოხსენება, რომელშიც სერიოზული პროგრესიცაა დაფიქსირებული“, დასძინა ბურჯანაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button