ახალი ამბები

მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზება გამოირიცხა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა “ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების თემა მას შემდეგ გამოირიცხა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე “პრაგმატული“ გადაწყვეტილება მიიღო და გაზსადენის რეაბილიტაცია გადაწყვიტა. “ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა“, დასძინა ნოღაიდელმა.


პრემიერ–მინისტრის განცხადებით, საქართველომ უკვე მოიძია გაზსადენის რეაბილიტაციისათვის საჭირო 40 მლნ აშშ დოლარი აშშ–ს პროგრამიდან. მას, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამა”.


ნოღაიდელმა ასევე მიანიშნა იმ კრიტიკულ რეაქციაზე, რომელიც მაგისტრალური გაზსადენის რუსული სახელმწიფო კომპანია “გაზპრომისათვის“ შესაძლო მიყიდვის ინფორმაციას მოჰყვა საქართველოში, “განსაკუთრებით პარლამენტში“.


“ჩვენთვის უმჯობესია კონცენტრირება გაზსადენის რეაბილიტაციაზე მოვახდინოთ , რათა ამ მაგისტრალის საშუალებით გაზი მოგვეწოდოს ჩვენც და სომხეთსაც და ვნახოთ არა ერთჯერადი მოგება გაზსადენის გაყიდვის შედეგად, არამედ გაზის ტრანზიტმა მოგვიტანოს შემოსავალი“, განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.


ამასთან, ნოღაიდელი აცხადებს, რომ საქართველო მაგისტრალური გაზსადენის ტრანზიტული გაზის 10%–ს  სატრანზიტო გადასახდის ნაცვლად მიიღებს.


“ჩვენ გაზის რუსეთიდან სომხეთში ტრანზიტს პრობლემებს არ შევუქმნით“, დასძენს ნოღაიდელი. 


პრემიერ–მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო გაზის სხვადასხვა მიმართულებებიდან მიღებით არის დაინტერესებული.


“პირდაპირ გეტყვით: თუ შაჰდენიზის გაზი იქნება გაზპრომის გაზზე იაფი, მათგან ვიყიდით გაზს, თუ პირიქით, მაშინ გაზპრომისაგან შევიძენთ. ეს მკაფიო და პრაგმატული მიდგომაა“, აცხადებს ნოღაიდელი “ინტერფაქსთან“ ინტერვიუში.


კითხვაზე, რომ მოსკოვი შეშფოთებულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმართული ძირითადი ენერგეტიკული მარშრუტების რუსეთის გვერდის ავლით გავლის პერსპექტივის გამო, ნოღაიდელი პასუხობს, რომ “ეს კონკურენციაა და ჩვენი პრობლემა არ არის. ჩვენ ენეგეტიკული ნაკადების სამხრეთ კავკასიურ კორიდორში მოზიდვით ვართ დაინტერესებული, თუმცა რომელი კორიდორიც იაფი იქნება, იმას გამოიყენებენ“.

მსგავსი/Related

Back to top button