ახალი ამბები

თბილისი და მოსკოვი სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით ოპტიმიზმს გამოხატავენ

ბაზების გაყვანის დეტალებზე მაისში იმსჯელებენ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, დღეს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან სალომე ზურაბიშვილთან მოსკოვში გამართული მოლაპარაკებებისას „მნიშვნელოვანი პროგრესი“ იქნა მიღწეული საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ოპტიმიზმი გამოხატა, თუმცა აღნიშნა, რომ დეტალები კვლავ გასარკვევი რჩება.


“ბაზების გაყვანა ეტაპობრივად მოხდება და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ბაზების გაყვანა შესაძლოა წელსაც დაიწყოს“, განაცხადა სერგეი ლავროვმა სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე. “ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწეიეთ და კიდევ უფრო დავაახლოვეთ პოზიციები  ვადებისა და  გაყვანის თაობაზე“, დასძინა მან.


სერგეი ლავროვის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ “ბაზები უახლოეს პერიოდში უნდა გავიდნენ“, თუმცა დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა.


სალომე ზურაბიშვილმა ოპტიმიზმი გამოხატა, თუმცა ფრანგული ანდაზა მოიშველია –  “ეშმაკი დეტალებშია“. მან ამით მიანიშნა, რომ დეტალები კვლავ მოლაპარაკებას საჭიროებს. “შევთანხმდით, რომ განვაგრძობთ ინტენსიურ მუშაობას დეტალებზე [გაყვანის პროცესთან დაკავშირებით] … ექსპერტებს ერთ კვირას ვაძლებთ [დეტალებზე სამუშაოდ]. აღდგომის შემდეგ [1 მაისს] ჩვენ შევაფასებთ ექსპერტების დონეზე მიღწეულ შეთანხმებებს“, განაცხადა მან.


“საქართველო ამ პროცესს ოპტიმიზმით უყურებს“, დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.


იგი “გაყვანის პროცესის დეტალებზე“ მოლაპარაკებების დაწყებამდეც ამახვილებდა ყურადღებას. მოლაპარაკებებამდე მან საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ “ქართული მხარისთვის გაყვანის ვადების საკითხზე უფრო მნიშვნელოვანი – თუმცა ვადების საკითხიც არ არის ნაკლებ მნიშვნელოვანი – არის მხარეთა შორის გაყვანის პროცესის ელემენტებზე შეთანხმება“, განაცხადა ზურაბიშვილმა.


მისი თქმით, საქართველო თანახმაა, რომ რუსეთმა თავისი ორი სამხედრო ბაზა ბათუმიდან და ახალქალაქიდან 2008 წლის 1 იანვრამდე გაიყვანოს.  


რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებები ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსეთის ორი ბაზის გაყვანის თაობაზე უკვე ხუთი წელია, რაც ჩიხშია შესული.


რუსული წყაროების ცნობით, ბათუმის სამხედრო ბაზაზე 2,500 სამხედრო მოსამსახურე, 74 ტანკი, 80  საბრძოლო ტექნიკის ერთეული და 120 საარტილერიო დანადგარია განლაგებული; ხოლო ახალქალაქის სამხედრო ბაზაზე – 2,000 სამხედრო, 40 ტანკი, 130 საბრძოლო და ჯავშან ტექნიკის ერთეული და 50-მდე საარტილერიო დანადგარი.


თუმცა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ EurasiaNet- ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, ეს ციფრები გაზრდილია.

მსგავსი/Related

Back to top button