ახალი ამბები

ბიზნესმენები საგადასახადო არბიტრაჟის გაუქმებას აპროტესტებენ

დღეს ბიზნესმენთა ფედერაციაში გამართულ შეხვედრაზე ხელისუფლებისადმი მიღებულ მიმართვაში პროტესტია გამოთქმული იმ გადაწვეტილების გამო, რომელითაც 20 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში კერძო არბიტრაჟის შეჩერების შესახებ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატიცას.


“საგადასახადო დავების კერძო არბიტრაჟში განხილვის პრაქტიკის გადავადება ან სულაც მასზე უარის თქმა, რისი მცდელობაც უკანასკნელ ხანებში შეინიშნება, ნამდვილად არ შეიძლება მივიჩნიოთ ბიზნესისა და სახელმწიფოს პარტნიორული ურთიერთიერთობების გამყარებისკენ მიმართულ ნაბიჯად“, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენთა დიდი ნაწილი აწერს ხელს.


ბიზნესმენები და ექსპერტები კვლავაც გამოთქვამენ მზადყოფნას აქტიური კონსულტაციები აწარმოონ ქვეყნის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან საგადასახადო არბიტრაჟის ინსტიტუტის დახვეწასთან დაკავშირებით.


“ჩვენ მივიჩნევთ, რომ დამოუკიდებელი არბიტრაჟი არ უნდა გახდეს დაჩქარებული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მსხვერპლი“, ნათქვამია განცხადებაში.


ბიზნესმენთა პოზიციას აზუსტებს ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტი ბადრი პატარკაციშვილი, “ეს არის რჩევა და არა პროტესტი [ხელისუფლების მიმართ].  ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს მისი პარტნიორის – ბიზნესის აზრი“. 

მთავრობამ მას შემდეგ გადაწყვიტა არბიტრაჟის გაუქმება, რაც ფინანსთა სამინისტრომ რამდენიმე საქმე წააგო და მთავრობას რამდენიმე მილიონი ლარის გადახდა მოუწია კერძო მეწარმეთათვის.


“კერძო არბიტრაჟში მიმდინარე საგადასახადო დავების გამო შესაძლოა ბიუჯეტმა ათობით მილიონი ლარი იზარალოს, რასაც არ დავუშვებთ”, განუცხადა 20 აპრილს ჟურნალიტებს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა.


თუმცა საგადასახადო არბიტრაჟის მიმართ საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ამ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი სამივე მოსმენით დაამტკიცებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button