skip to content
ახალი ამბები

თბილისში ქართულ-რუსული მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდა

14-15 აპრილს, თბილისში გამართული ქართულ-რუსული მოლაპარაკებები საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე კონკრეტული შეთანხმებების გარეშე დასრულდა.


“[რუსული მხარის] კონსტრუქციული ნაბიჯების მიუხედავად, შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა“, ნათქვამია 16 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მოლაპარაკებებზე განხილვის მთავარი თემა იყო სამხედრო ბაზების ფუნქციონირებისა და გაყვანის ვადების საკითხები, რომელზეც რუსული მხარის არგუმენტები “სრულად ემთხვეოდა 18 თებერვალს სერგეი ლავროვის თბილისში ვიზიტის დროს მიღწეულ შეთანხმებებს“.


“რუსეთის მხარემ [მოლაპარაკებებზე] დაადასტურა მზადყოფნა ბაზების ორგანიზებულად გაყვანის შესახებ.  წარდგენილი წინადადებები ემთხვევა იმ ვადებს, რომელსაც ასახელებდა ქართული მხარე წინა მოლაპარაკებებზე. ასევე წარმოდგენილი იყო ბაზების ეტაპობრივი გაყვანის მექანიზმი – პირველ ეტაპზე მძიმე ტექნიკის და შეიარაღების გაყვანის შესახებ“,  ნათქვამია განცხადებაში.


‘თუმცა საკვანძო მომენტებზე შეთანხმების მიღწევა კვლავ ვერ მოხერხდა, რადგან თბილისი ჯარების გაყვანისთვის დამატებით პირობებს აყენებს“, იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებები ამ თემაზე კვლავ გაგრძელდება. ქართული მხარე მოლაპარაკებების დასრულებამდე კომენტარისაგან თავს იკავებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button