skip to content
ახალი ამბები

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი კონფლიქტის ზონებზე და რუსეთის როლზე საუბრობს

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა, რომელიც საქართველოს 14–16 აპრილს ეწვია, თბილისში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი ვიზიტის მიზეზი იყო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც სთხოვა მას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოსაგვარების თაობაზე ქართული მხარის წინადადებების მიმართ “პირადი დაინტერესება“ გამოეჩინა.


“მე იმიტომ ჩამოვედი, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც ევროპის საბჭოში ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარების თაობაზე, მთხოვა მე, როგორც ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, პირადად გავცნობოდი ამ წინადადებებს”, განაცხადა ტერი დევისმა.


ამჟამად “სამხრეთ ოსეთში, ჩემდა სამწუხაროდ, ვითარება კიდევ უფრო გართულდა, კერძოდ გასული წლის მოვლენებს ვგულისხმობ“. ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს გასული წლის აგვისტოში ქართულ ჯარებსა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის მომხდარი შეტაკებები ჰქონდა მხედველობაში.


ტერი დევისმა ასევე ურჩია რუსულ მხარეს უფრო თანმიმდევრული იყოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. თუმცა, აქვე დასძინა, რომ “დიდი უსამართლობაა რუსეთის გაკრიტიკება“. მისი თქმით, რუსეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კონფლიქტის ზონებში მშვიდობის შესანარჩუნებლად.


“რუსეთის სამშვიდობო ძალებმა [აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში] დიდი მსხვერპლი გაიღეს, დაიღუპნენ ჯარისკაცები და კიდევ უფრო დიდი რაოდენობით დაიჭრნენ“, განაცხადა ტერი დევისმა.


“რა თქმა უნდა, რუსეთს ხშირად სამართლიანად აკრიტიკებენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში არასაკმარისი ძალისხმევის გამო. რუსებს ყოველთვის ვეუბნები , რომ არსებობს კავშირი, რომელიც რუსეთსა და საქართველოს მიერ სეპარატიზმის თავიდან აცილების საერთო ინტერესებში გამოიხატება. როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მე მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია … მე მხარს ვუჭერ როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას… რუსეთმაც ასევე უნდა დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“, განაცხადა ტერი დევისმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button