ახალი ამბები

კოტე გაბაშვილი საგარეო უწყების მიმართ ბურჯანაძის პროტესტს უერთდება

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი უერთდება პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის “საქმიან“ პროტესტს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომელმაც ბრიუსელში ბურჯანაძის მაღალი დონის ვიზიტის დროს ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს ელჩი კოტე ზალდასტანიშვილი გამოიწვია.


“ამის გაკეთება ერთი კვირის მერეც შეიძლებოდა, მაშინ, როცა ნინო ბურჯანაძის ვიზიტი, რომელზეც მას თან ახლდა ზალდასტანიშვილი, დასრულდებოდა.  არადა წინა ინციდენტის დროს სალომე ზურაბიშვილის ჩვენდამი გულისწყრომა იმან გამოიწვია, რომ ჩვენ [დეპუტატებმა] იგი [რუსეთის საგარეო საქმეთა მინისსტრთან სერგეი]ლავროვთან შეხვედრის დროს [გაეროში ხმის დაკარგვის გამო] გავაკრიტიკეთ“, განუცხადა ჟურნალისტებს 14 აპრილს კოტე გაბაშვილმა.


როგორ “სივილ ჯორჯიას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კოტე ზალდასტანიშვილის ელჩობიდან გამოწვევა როტაციის ვადის გასვლამ განაპირობა.


საქართველოს პრეზიდენტმა ბენილუქსის ქვეყნებში ელჩად უკვე წარადგინა პარლამენტის საგარეო ურთიერთობთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილის კანდიდატურა, რომელსაც პარლამენტი მას შემდეგ უყრის კენჭს, რაც ზალდასტანიშვილს უფლებამოსილებას მოუხსნიან.  

მსგავსი/Related

Back to top button