skip to content
ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით, სომეხი სტუდენტები ერევანში საქართველოს საელჩოს წინ საპროტესტო აქციას მართავენ

საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმის“ ცნობით, სომეხმა სტუდენტებმა ერევანში საქართველოს საელჩოს წინ სამცხე-ჯავახეთის სომეხი მოსახლეობის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გამართეს. 


სააგენტოს ცნობით, აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით “საქართველოში სომხების ასიმილიაცია მიმდინარეობს“, “არა, ქართულ ნაციზმს“ და “საქართველო სომხების წინააღმდეგ თეთრ გენოციდს აწარმოებს“. “რეგნუმი” იტყობინება აქციის ორგანიზატორის არსენ ბალიანის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ “ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას არ წამოეგოს იმ ძალების პროვოკაციებზე, რომელთაც ნაციონალური კონფლიქტების გაღვივება სურთ, რადგანაც საქართველო და სომხეთი მეგობრული ქვეყნები არიან“.


“რეგნუმი“ ასევე იუწყება, რომ საქართველოს წარმომადგენელი გიორგი საგანელიძე საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა და დაარწმუნა ისინი, რომ საქართველოს მთავრობა ჯავახეთის სომეხი მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას გეგმავს გზების მშენებლობისა და ენერგომომარაგების გამოსწორების გზით. გავრცელებული ინფორმაციით, მან ასევე დაარწმუნა ისინი, რომ არ მოხდებოდა მაჰმადიანი მესხების ჩასახლება ჯავახეთში და რომ ის პირები, რომელთაც ბრალი მიუძღვით სომხური ისტორიული და კულტურული ძეგლების განადგურებაში, უკვე დაისაჯნენ.   


ინფორმაციაში არაა დაკონკრეტებული, თუ რამდენმა ადამიანმა მიიღო აქციაში მონაწილეობა ან რომელი პოლიტიკური მოძრაობა დგას მათ უკან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button