
ტალვიტიე ევროკავშირთან საქართველოს სამოქმედო გეგმაზე საუბრობს
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰეიკი ტალვიტიემ 8 აპრილს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირთან ინივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავების მიმართულებით “ძალიან ბევრი გაკეთდა“.
ამ გეგმის შემუშავება, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის დასაწყისია, დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საქართველო გასული წლის 14 ივნისს ევროკავშირის “ახლო სამეზობლო პოლიტიკაში“ გაწევრიანდა.
“ძალიან მალე შედგება ექსპერტების შეხვედრა და ამ სამოქმედო პროგრამის განხილვა, ამ მომენტისთვის იმის თქმა შეიძლება, რომ ეს გეგმა საფუძვლიანი და მრავლის მომცველია“, განაცხადა ტალვიტიემ.
მისი თქმით, გეგმაში ასახული იქნება უსაფრთხოებასა და საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები.
ევროკავშირის წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა კანონის უზენაესობის მისიის თითქმის ერთწლიანი მუშაობა საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს სამართლებრივი რეფორმების გატარებას.