ახალი ამბები

პარლამენტმა ფინანსური პოლიციის სკანდალზე ფინანსთა მინისტრს მოუსმინა

დღეს საქარველოს პარლამენტში, ოპოზიციური “რესპუბლიკელი“ დეპუტატის ივლიანე ხაინდრავას მოთხოვნით სამთავრობო საათი გაიმართა, რომელზეც ფინანსთა მინისტრმა ვალერი ჩეჩელაშვილმა ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნების სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით ინფორმაცია წარმოადგინა, სადაც მან ძირითადი ყურადღება პოლიციის ერთწლიანი მოღვაწეობის ანგარიშს დაუთმო.


ცოტა ხნის წინ ასევე ოპოზიციონერმა “კონსერვატორებმა“ საჯაროდ გაავრცელეს ფინანსური პოლიციის უფროსის დავით კეზერაშვილის სატელეფონო ჩანაწერები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კანონიერად იყო მოპოვებული, სადაც ფინანსური პოლიციის უფროსი შესყიდვების კანონის გვერდის ავლით ავტომანქანების ტენდერზე საუბრობდა. ამავე ჩანაწერში ფინანსთა მინისტრი უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებოდა.


დღევანდელ განხილვაზე დეპუტატებმა სწორედ ჩეჩელაშვილის მიმართ “მისი ღირსების შემლახავ“ უცენზურო გამოთქმებზე გააკეთეს ძირითადი აქცენტი, რის გამოც ტენდერების თემა ყურადღების მიღმა აღმოჩნდა.


ჩეჩელაშვილის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროში, რომლის სტრუქტურული ერთეულიცაა ფინანსური პოლიცია, ტენდერები მინისტრის პასუხისმგებლობის ქვეშ ტარდება. “თუმცა სატელეფონო საუბარში, რომელიც მის გახმაურებამდე მქონდა მოსმენილი და განსხვავდებოდა გავრცელებული ვარიანტისგან, ნახსენები ტენდერი სამინისტროში არ ჩატარებულა“, განაცხადა ჩეჩელაშვილმა.


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ბიძინა ბრეგაძის განცხადებით, რომელიც ასევე იყო მიწვული პარლამენტში,  პროკურატურის მოთხოვნით მოსმენებზე სასამართლოს შსს–ზე სანქცია ჰქონდა გაცემული, თუმცა ინფორმაციის გაჟონვისა და გახმაურების გამო “გამოძიება ამ ეტაპზე ჩაიშალა“. ბრეგაძის განცხადებით, სატელეფონო საუბარში მოყვანილ ფაქტებთან , მათ შორის ტენდერებსა და ნარკომანიის ფაქტებთან, დაკავშირებით ამ ეტაპზე მოკვლევა მიმდინარეობს.


“რესპუბლიკელი“ ივლიანე ხაინდრავას განცხადებით, “არაჯანსაღ სიტუაციაზე მიუთითებს თავად ის ფაქტი, რომ სხვადასხვა უწყებები ერთმანეთის სატელეფონო საუბრებს უსმენენ“.



 

მსგავსი/Related

Back to top button