ახალი ამბები

სოხუმი თბილისთან ეკონომიკური საკითხების განხილვისთვის მზად არის

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა, რომელიც 7–8 აპრილს ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებში აფხაზურ დელეგაციას ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ სოხუმი მზად არის თბილისთან ეკონომიკურ საკითხებზე გააქტიუროს მოლაპარაკებები, მაგრამ არ აპირებს აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განხილვას, იუწყება 8 აპრილს “ინტერფაქსი“.


შამბას თქმით, ჟენევაში “არ მიმდინარეობს ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები“.

“ეს არის გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების შეხვედრა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების თაობაზე, რომელსაც ქართული და აფხაზური მხარეები თავიანთი პოზიციის შესახებ ინფორმაციას აწვდიან“, დასძინა შამბამ. 


ქართულ–აფხაზური ორდღიანი მოლაპარაკებები ჟენევაში გაეროს ეგიდით, გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის – საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ–ს ინიციატივით იმართება.


ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია “იმედთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ შეხვედრაზე “რუსეთის ზეწოლა იგრძნობა და ეს ცალსახად ჩანს“. 


გავრცელებული ინფორმაციით, ჟენევის შეხვედრაზე განსახილველ საკითხთა შორის იყო გალის რაიონში დევნილთა დაბრუნებისა და გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის გახსნის საკითხები. ასევე იგეგმებოდა ეკონომოკური რეაბილიტაციის პროექტების განხილვაც.


ხაინდრავას თქმით, საკითხებმა, რომელიც წინასწარ იყო შეთანხმებული “არ ჰპოვა სათანადო ასახვა დღის წესრიგში, რის დაფიქსირებასაც მოვითხოვთ დასკვნით განცხადებაში“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button