
სააკაშვილი: სისხლის სამართლის საქმეში ჩარევა ჩემი ფუნქცია არ არის
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იგი არ ერევა სისხლის სამართლის საქმეებში.
“შეიძლება მე ჩემი შეხედულებები მქონდეს, როგორც ფეხბურთის გულშემატკივარს, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ სისხლის სამართლის საქმეებში სუბიექტურად ჩარევას. ეს ჩემი ფუნქცია არ არის“, განუცხადა 7 აპრილს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ჟორდანიას საქმეს პროკურატურა და სასამართლო გადაწყვეტს. “ჩემი ამოცანაა, რომ შევქმნა ისეთი სისტემა, სადაც კანონი ყველას მიმართ თანაბრად და სამართლიანად იქნება გამოყენებული“, დასძინა პრეზიდენტმა.
მერაბ ჟორდანია 1,3 მლნ შვეიცარული ფრანკის მითვისების ბრალდებით 7 აპრილს დააკავეს.
ჟორდანიას დაპატიმრებას წინ უძღოდა დაპირპისპირება ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს მთავრობას შორის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მატჩის ბილეთების ფასებთან დაკავშირებით. მარტის შუა რიცხვებში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ფეხბურთის ფედერაცია ბილეთის ფასის მომატებასთან დაკავშირებით გააკრიტიკა და სამართალდამცავებს ფედერაციის საქმიანობით დაინტერესება დაავალა.